"პოლიციის უფროსი იმდენად ნასვამი იყო, რომ არ ახსოვს ვინ სცემა"

  15:11:51     20-07-2016

2 ივნისს გორში დაკავებული რამაზ ქოქოშვილი ადვოკატი და უფლებადამცველები საქმისახალ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას.

2 ივნისს პოლიციის დღეს, გორში რესტორან ,,დარიალში“ სცემეს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე. ადვოკატის თქმით ცემაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ვერ იპოვა პოლიციამ და სწორედ საქმის გახსნის მიზნით დააკავა რამაზ ქოქოშვილი, რომელიც გორიდან ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს.

,,არაფერ შუაში იყო მომხდართან ქოქოშვილი, უბრალოდ არის წარსულში ნასამართლევი და ადვილად დასაბრალებელი იყო მასზე, რაც პოლიციის უფროსის მოადგილეს შეემთხვა. დაკავების შემდეგ ქოქოშვილი გორიდან ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს, რაც საეჭვოა. მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, სცემდა რამდენიმე პოლიციელი მათ შორის ჩილინგარაშვილი. არსებობს სამედიცინო დასკვნებიც. უბრალოდ ლომიძე ისეთი ნასვამი იყო ვინ სცემა სავარაუდოდ არ ახსოვს და ამის გახმაურებას ერჩივნათ სასრწაფოდ დაეკავებინათ ვინმე და გაეხსნათ საქმე, რადგან ქოქოშვილიც იმ რესტორანში იყო ადვილად შეიძლებოდა მისთვის გადაბრალება“-ამობს რაზმაძე.

პოლიციის მხრიდან ქოქოშვილზე გამუდმებულ ზეწოლაზე საუბრობენ მისი ნათესავებიც.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მომხდარ საქმეზე დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნა.

"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ (EMC) ახსნა-განმარტება მისცა შემთხვევის ადგილზე უშუალოდ მყოფმა თვითმხილველმა ლევან ქოქოშვილმა, ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ძმამ. მისი განმარტების მიხედვით ის თავის ძმასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად გორში რესტორან „დარიალში“ იმყოფებოდა, რა დროსაც განვითარდა ინციდენტი ამავე რესტორნის სხვა მაგიდასთან მყოფ მოქალაქე ვლადიმერ შავდათუაშვილთან. ამ უკანასკნელის მიერ ლევან ქოქოშვილისთვის რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ამ შელაპარაკებით მათ მიიქციეს ამავე რესტორანში მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების ყურადღება, რომელთაგან ერთ-ერთს – ზურაბ ჩილინგარაშვილს ლევან ქოქოშვილი პირადად იცნობდა. ლევან ქოქოშვილის განმარტებით, მან თავის მეგობრებს ინცინდენტის ამოწურვის მიზნით მოუწოდა რესტორნის დატოვებისკენ და ამით ეს შემთხვევა დასრულდა, რაც მან ასევე შეატყობინა იქვე მდგარ პოლიციელ ზურაბ ჩილინგარაშვილს.ლევან ქოქოშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი ძმის რამაზ ქოქოშვილის რაიმე შემხებლობას ამ ინციდენტთან და აცხადებს, რომ მას ამ მოვლენებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის ფაქტს მთელი ამ ხნის განმავლობაში ან მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას რესტორნის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს პირები მისი თქმით პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ და ყველანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ“-ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის თქმით ნასვამი პოლიციელების ჩვენება ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ობიექტურობას.

,,ცხადია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიღმა, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი პოლიციელების მითითებები არ წარმოადგენს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და მისი შეუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დაუმორჩილებლობად ან/და წინააღმდეგობის გაწევად. სამწუხაროდ, ბოლო წლებში პოლიციასა და სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს პოლიციელის უტყუარობის პრეზუმფციაზე, რაც მსგავს საქმეებში მკვეთრად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეს. ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე რესტორან „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინცინდენტის დროს ის იმყოფებოდა რესტორანში სხვა პოლიციელებთან ერთად თუ მოხდა მისი გამოძახება, ასევე რაში გამოიხატა უშუალოდ ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის მიერ წესრიგის დარღვევა და რა გახდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი, რა გარემოებებში მიაყენა პოლიციელს ბრალდებულმა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კონკრეტულად რაში გამოიხატა ძალადობა, რაც წარდგენილი ბრალის აუცილებელი ელემენტია. ასევე უცნობია, თუკი ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმალვის მცდელობას, რატომ გადაწყვიტა მან ინციდენტის შემდეგ პირდაპირ საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. მოცემული საქმის მიმართ კითხვებს აძლიერებს ის მნიშვნელოვანი დაზიანებებიც, რომელიც ბრალდებულს იზოლატორში მიყვანისას აღენიშნებოდა.“-აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენე ხარატიშვილი presa.ge-სთან საუბრისას.

ორგანიზააცია ძალოვან სტრუქტურებს რამდენიმე საკითხზე ურჩევს ყურდღების გამახვილებას.

,,მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას :დროულად ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის დაკავება, ასევე გამოძიოს მის მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტი; სასამართლომ მოახდინოს საქმეში არსებული გარემოებების სრულყოფილი შეფასება და განუხრელად დაიცვას მტკიცების ტვირთი, რომელიც სწორედ ბრალდების მხარეს ავალდებულებს წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს პირის დამნაშავეობას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმოს და განახორციელოს სისტემური შიდა მონიტორინგი, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების, დანაშაულის პროვოცირების შესაძლო შემთხვევებს; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ბრალდებულ ქოქოშვილის შიმშილის ფაქტთან დაკავშირებით უზრუნველყოს იგი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.“

რამაზ ქოქოშვილის სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში 25 ივნისს გაიმართება.