რუსუდან კერვალიშვილი დის გათავისუფლების სანაცვლოდ პატიმრობისთვის მზადაა

  11:40:26     20-07-2016


"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ის მზადაა პატიმრობისთვის, თუ სანაცვლოდ 
სამშენებლო სექტორს და მაია რჩეულიშვილს მიეცემათ საშუალება გააკეთოს მოსახლეობის სასარგებლო საქმე.


კერვალიშვილმა აღნიშნა რომ ის და მისი და მესამე წელია გამოძიებასთან თანამშრომლობენ და იმ ფონზე, რომ სახელმწიფოსთან ერთად სამშენებლო კომპანია დგამდა ნაბიჯებს, რათა მოსახლეობისთვის აღებული ვალდებულება შეესრულებინა, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება სრულიად გაუგებარია. 


„სამი წელიწადია სასამართლოში დავდივარ ჩემს დასთან ერთად. სამი წელია თანამშრომლობის რეჟიმში ვიმყოფებით. როდესაც მაია ცდილობდა, რომ ადამიანებისთვის მიეცა ის, რისი ვალდებულებაც ერთი წამით თავიდან არ აგვიცილებია, სახელმწიფომ „საგადასახადო კოდექსში“ მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადიდან უნდა გათავისუფლდნენ ანუ სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც სამშენებლო სექტორს მიადგა. პარალელურად აპატიმრებენ მაიას. მე არ ვარ სასარგებლო, რათა დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა. მოხარული ვიქნები, თუკი შესაძლებელია, რომ პატიმრობაში ვიყო მე, სამშენებლო სექტორს და არა მხოლოდ მაია რჩეულიშვილს კი მიეცეს საშუალება გააკეთონ ის საქმე, რა ვალდებულებაც აქვს მოქალაქეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჩვენ და ადამიანები ჩაგვრეცხეს“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა. 


შეგახსენებთ, "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა.