უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი მანქანაში ააფეთქეს

  11:19:29     20-07-2016

ცნობილი ბელორუსი ჟურნალისტი, „Украинская Правда“-ს თანამშრომელი პაველ შერემეტი, კიევის ცენტრში მანქანაში ააფეთქეს. 

სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. შემთხვევაზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ხატია დეკანოიძის თქმით, მისთვის პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება ღირსების საკითხია.

„პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო, ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც ინტერვიუ მივეცი. ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ღირსების საკითხია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია პოლიციას არა აქვს, მიმდინარეობს გამოძიება.

შერემეტის მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა სამართალდამცველებს უკრაინის პრეზიდენტმაც.

„დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს პეტრო პოროშენკო.