ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები 5 თვის შემდეგ – მოწმის სკანდალური განცხადება
09:49:59     19-07-2016
2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 43 წლის ნონა რამინაძე და მისი 3 წლის ქალიშვილი – მარიამ მამფორია. მკვლელმა ქალს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, 3 წლის ბავშვს კი 16-ჯერ ჩაარტყა დანა და ცხედარი დაწვა.
მკვლელობიდან თითქმის 5 თვე გავიდა, თუმცა ეს საზარელი დანაშაული კვლავაც ბურუსით არის მოცული. „პრაიმტაიმმა“ ამ საქმეზე მცირე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომელიც საკმაოდ ბევრ ბუნდოვან კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება. აქვე გეტყვით, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ერთ-ერთი მოწმისგან მოვიპოვეთ, ჯერ საგამოძიებო ორგანოებისთვისაც უცნობია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ეს პიროვნება პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად დაიბარონ.
მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად ორი საეჭვო ვერსია გამოიკვეთა, რომელსაც კონკრეტულ ეჭვმიტანილებამდე მივყვართ… უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ცხადია, ჩვენ მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ.
მაშ ასე, რატომ აპირებდა ოთარ მამფორია მკვლელობამდე სამი კვირით ადრე სახლთან ვიდეოთვალის დაყენებას? ვისი ეშინოდა ოჯახს? რა ახალი მტკიცებულება ამოიღო გამოძიებამ და რას უყვება „პრაიმტაიმს“ მოწმე, რომლის ჩვენებაც შესაძლოა, საქმის გახსნის საფუძველი გახდეს?
ვერსია #1
„თუ გემუქრებიან, ესე იგი მათთვის საშიში ხარ. თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ესე იგი მათ არ გაუმარჯვიათ“, – ეს პოსტი ნონა რამინაძემ „ფეისბუკში“ გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაწერა. „პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში მამფორიების ოჯახს მართლაც რაღაცის ეშინოდა. თავად ოთარ მამფორია ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ მკვლელობამდე სამი კვირით ადრე სახლთან ვიდეოთვალის დაყენებას აპირებდა. სახლში ფული მქონდა და ვფრთხილობდი, არავინ შესულიყოო, – ამბობს მამფორია, თუმცა ცნობილია, რომ მას რამდენიმე ათასი დოლარი სახლში გასულ წელსაც ჰქონდა. რატომ გადაწყვიტა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მაინცდამაინც მკვლელობამდე სამი კვირით ადრე და უკავშირდება თუ არა ეს მის საქმიანობას? ცნობილია, რომ ოთარ მამფორია ავტოსამრეცხაოში მუშაობს. მასთან გასარეცხად ხშირად მიჰყავთ საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანები, რომელთაც შემდგომ რუსთავის ავტობაზრობაზე ყიდიან. ასე დაუახლოვდა ოთარ მამფორია ამ ბიზნესში ჩართულ აზერბაიჯანული ეროვნების რამდენიმე მამაკაცს, ერთ-ერთ მათგანს კი, 21 თებერვალს, ანუ მკვლელობის წინა დღეს 1300 დოლარიც ასესხა, საიდანაც, როგორც თავად ამბობს, გარკვეულ მოგებას თვითონაც ნახავდა. ზოგი ახლობელი არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილის მეუღლეს ახლაც რაღაცის ეშინია, რის გამოც ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს. ჩვენ ამის შესახებ ოთარ მამფორიასაც ვკითხეთ, თუმცა მანამდე ვესაუბრეთ ნონა რამინაძის მეგობარს, თამარ ჯანჯღავას, რომელთანაც მამფორიებს ახლო მეზობლობა და ნათელ-მირონიც აკავშირებთ.
– ქალბატონო თამარ, ხომ არ იცით, რა ურთიერთობა ჰქონდა ოთარს ავტომოვაჭრეებთან?
– რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანელებთან ჰქონდა ურთიერთობა, მანქანებით ვაჭრობდა ოთარიც, მაგრამ ბოლო პერიოდში მიატოვა.
– რატომ?
– მგონი, რაღაც ზარალი ნახა. ზუსტად არ ვიცი.
– ბოლო პერიოდში ნონასთვის რაიმე შიში ხომ არ შეგიმჩნევიათ?
– თვითონ ნონას მსგავსი არაფერი უთქვამს, მაგრამ მერე გავიგე, რომ ვიდეოთვალის დაყენებას აპირებდნენ. რახან ასეა, ალბათ, რაღაცის შიში ჰქონდათ.
– კარს ხშირად ტოვებდა ღიას?
– სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ადრე კი ღიას ტოვებდა ხოლმე. როდესაც მასთან ჩავდიოდი, არც ვაკაკუნებდი, პირდაპირ შევდიოდი ყავის დასალევად, ან უბრალოდ სალაპარაკოდ. და ეს ბოლო პერიოდი კი სულ დაკეტილი ჰქონდა.
– ბოლო პერიოდში რას გულისხმობთ, რამდენი ხანია, რაც კარი დაკეტილი გხვდებოდათ?
– მკვლელობამდე დაახლოებით ორი-სამი კვირით ადრე…
– როგორ დაუახლოვდა ოთარი მანქანების ბიზნესში ჩართულ პირებს?
– საერთოდ, აზერბაიჯანელებს უცხოეთიდან ჩამოჰყავთ მანქანები, მასთან არეცხვინებდნენ. თუ ოთარს მოეწონებოდა, თავად იყიდდა და ცოტას მოუგებდა. ასე ვიცი მე.
ოთარ მამფორია კი მკვლელობის მის საქმიანობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ფიქრობდა.
– ბატონო ოთარ, გავიგეთ ვიდეოთვალის დაყენებას აპირებდით სახლში?
– ხო, ფული რომ მქონდა სახლში, მაგიტომ ვფიქრობდი, რომ დამეყენებინა. თავიდან იარაღის ყიდვაზეც ვფიქრობდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, ნონა იარაღს ვერ გამოიყენებს-მეთქი და ისევ ვიდეოთვალის დაყენებას ვაპირებდი.
– რატომ, ვინმე გემუქრებოდათ?
– არა, არავინ. 12 ათასი დოლარი მქონდა, 5 ათასი გასესხებული იყო. ამიტომ ვფიქრობდი ამაზე. მეთქი, ვინმე არ მოვიდეს და ფული არ წაიღოს-თქო.
– ბოლო პერიოდში, ნონა სახლის კარს სულ კეტავდა და როგორც ვიცი, თქვენ გააფრთხილეთ, კარი არავის გაუღოო… რატომ გქონდათ ასეთი შიში?
– მე ვაფრთხილებდი იმიტომ, რომ სახლში ფული და ოქროულობა გვქონდა.
– მანამდე რაიმე კონფლიქტი გქონიათ ვინმესთან, თუნდაც აზერბაიჯანელებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ?
– არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. სამრეცხაოში ჩემი კლიენტები არიან. ეს ხალხი მანქანებზე ვაჭრობს.
– თქვენც იყავით ამ ბიზნესში ჩართული?
– მე, უბრალოდ, ფულს ვაძლევ მათ. იყიდიან, თავის სახელზე გაიფორმებენ და მერე, რომ გაყიდიან, იქიდან 100 დოლარს მაძლევენ. არანაირ თანხაში არ „გადავუგდივარ“ მათ. ერთ-ერთს წინა დღესაც მივეცი თანხა მანქანისთვის. ანუ, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა.
– მით უმეტეს, გასაკვირია, ასე კატეგორიულად რატომ გამორიცხავთ, რომ მომხდარი შესაძლოა, თქვენს საქმიანობას უკავშირდებოდეს?
– არა, ჩემს საქმესთან რა კავშირში უნდა იყოს. არანაირი კონფლიქტი და უკმაყოფილება მათთან არ მქონია. მე რაც მაქვს, ათი იმდენი სახლში უდევთ.
– მაშინ თქვენთან ფულის სასესხებლად რატომ მოვიდოდა?
– სასესხებლად არ მოსულა, უბრალოდ, საქმეში ჩავდე ფული.
– და აქვე მინდა გკითხოთ, თანხა თქვენ გასულ წელსაც გქონდათ, იმის წინა წელსაც… როგორც ვიცი, საკმაოდ დიდხანს აგროვებდით… რატომ გაგიჩნდათ ეს შიში მაინცდამაინც მკვლელობამდე ორი-სამი კვირით ადრე?
– თავიდან არ მქონდა ამხელა თანხა, ნუ 10-12 ათასი რომ შევაგროვე, უკვე ვიფიქრე, არავინ შემოვიდეს და ფულის წაღება არ მოინდომოს-თქო.
ვერსია #2
მოკლედ, ოთარ მამფორია კატეგორიულად უარყოფს, რომ შესაძლოა, ცოლ-შვილის მკვლელობა მის საქმიანობას უკავშირდებოდეს, თუმცა ის ასეთივე კატეგორიული არ გახლავთ მეორე და ასევე, საკმაოდ საფუძვლიანი ვერსიის მიმართ. საქმე ისაა, რომ სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილიდან (მამფორიას სახლიდან) მტკიცებულების სახით ამოიღეს ყავის ჭიქა. „პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა, რომ ჭიქაში კონიაკთან გაზავებული ყავა იყო ჩასხმული, შესაბამისად, დავინტერესდით, სვამდა თუ არა გარდაცვლილი ნონა რამინაძე კონიაკიან ყავას? აღმოჩნდა, რომ ეს კითხვა ოთარ მამფორიას პოლიციის განყოფილებაშიც დაუსვეს. ჩვენთან საუბრისას მამფორია გამორიცხავს, რომ მის მეუღლეს კონიაკთან გაზავებული ყავა დაელია. ამავეს ადასტურებს ყველა ახლობელი, რომელსაც ნონა რამინაძესთან ერთად ოდესმე ყავა დაულევია. მათი ვერსიით, ყავა მკვლელისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნონასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
– ბატონო ოთარ, თქვენი მეუღლე სვამდა თუ არა კონიაკიან ყავას?
– არა, არასდროს.
– იცით, ვინმე, ვინც ყავაში კონიაკს ურევდა?
– არა. არავინ ვიცი ასეთი. ჭორის დონეზე კი ვიცი რაღაც, მაგრამ… პირადად მე არც ერთი მეზობელი არ მინახავს, კონიაკიან ყავას რომ სვამდეს.
– თქვენთვის ცნობილია, რომ სახლიდან ამოღებულია ჭიქა, სადაც სწორედ კონიაკთან გაზავებული ყავა ესხა?
– დიახ, ეს ინფორმაცია მეც გამომძიებელმა მითხრა. მასაც განვუმარტე, რომ ჩემი მეუღლე ასეთ ყავას არასდროს სვამდა. ერთ-ერთ ახლობელზე გავიგე. მერე ჩემმა ბიჭმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნით ადრე ნონას თანხას სთხოვდა, რაზეც ჩემს ცოლს უარი უთქვამს. საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას. მკვლელობიდან მეორე დღეს მართლაც წავიდა ეგ ოჯახი.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის მეგობარი თამარ ჯანჯღავაც გამორიცხავს, რომ ნონა რამინაძეს კონიაკთან გაზავებული ყავა თავისთვის მოემზადებინა.
„კონიაკი კი ჰქონდა სახლში, მაგრამ ყავასთან ერთად არასდროს დაულევია. პირიქით, არ მოსწონდა ის კონიაკი და ამბობდა, საშინლად მწარეაო. ერთნაირ ყავას ვსვამდით – საშუალოდ ტკბილს. შემიძლია, 100 პროცენტით გითხრათ, რომ ნონა კონიაკიან ყავას არ დალევდა. ეს გამორიცხულია“, – ამბობს თამარ ჯანჯღავა.
„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, ვინც კონიაკთან გაზავებულ ყავას სვამდა. გარდაცვლილის ნათესავი რომან კონცელიძე ირწმუნება, რომ პირადად ჰყავს ნანახი ერთ-ერთი პიროვნება (ჩვენ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), ვინც ნონასთან კონიაკიან ყავას სვამდა.
რომან კონცელიძე, გარდაცვლილის ნათესავი:
– შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნონა საერთოდ არ სვამდა კონიაკიან ყავას. ასე რომ იყოს, ექსპერტიზა მის ორგანიზმში ალკოჰოლის არსებობას დაადასტურებდა. მე პირადად ვარ მომსწრე, ვინ სვამდა მასთან სტუმრობის დროს ასეთ ყავას. ეს არის ერთ-ერთი ახლობელი, რომელიც უცხოეთში იმყოფება.
– ხშირად გინახავთ ის ნონასთან?
– პირადად მე, 2-ჯერ მყავს ნანახი, როდესაც ნონამ ყავა შესთავაზა და მან უთხრა, – ხომ იცი, მე როგორიც მიყვარსო და ამის შემდეგ ნონამ ჭიქაში კონიაკი ჩაუმატა. ეს მაქვს საკუთარი თვალით ნანახი.
– საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა… როგორც ვიცი, თქვენ გამოძიებას ჩვენება მიეცით… უამბეთ ამ დეტალის შესახებ?
– არა, ამ თემით მაშინ არ დაინტერესებულან. თუ დამიბარებენ, იგივეს დავადასტურებ. ეს მეც ახლა გავიგე, რომ მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია კონიაკიანი ყავა. სხვა იქ არავინ დალევდა, გარდა ჩემ მიერ დასახელებული პიროვნებისა. მაშინ გვითხრან, ვის ეკუთვნოდა ეს ჭიქა.
რომან კონცელიძის ეს განცხადება შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გამოძიებისთვის. სავარაუდოდ, მას სამართალდამცავები კიდევ ერთხელ დაკითხავენ. მის მიერ ნახსენებ პიროვნებასთან დაკავშირებით ახლობლების ეჭვს კიდევ რამდენიმე გარემოება ამძაფრებს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამ დეტალებზე აღარ შევჩერდებით.
primetimenews.ge