სირიელი სამხედროები დემონსტრანტების წინააღმდეგ
10:58:40     30-04-2011
სირიელი სამხედროები დამასკოს ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორებით პატრულირებენ. ქვეყნის დედაქალაქში სამხედროებმა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა ბლოკ საგუშაგოები ააშენეს და საპროტესტო აქციების გამართვას ყველანაირად უშლიან ხელს. როგორც ცნობილია, უკანასკნელ ხანს, სირიის რიგ ქალაქებში ანტისახელისუფლო აქციები დაიწყო, რომელიც არმიის და პოლიციის გამოყენებით სასტიკად იქნა დარბეული.
რამდენიმე დღის წინ, სირიელი სამხედროები ტანკებით შევიდნენ ქალაქ დარაში. დილით სნაიპერებმა სამთავრობო შენობების სახურავები დაიკავეს, სპეცსამსახურების თანამშრომლები კი მოსახლეობას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
ირკვევა, რომ სირიის არმიას ნაბრძანები აქვს სამოქალაქოთა მიერ აქციის გამართვის ნებისმიერ მცდელობას სროლით უპასუხოს. დასავლური საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ არმიის ერთმა ნაწილმა ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განახადა. ოფიცრები ამბობენ, რომ არ სურთ დემონსტრანტებს ესროლონ.
სირიელი აქტივისტი ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, უკანასკნელი კვირეების განმავლობაში, ხელისუფლებამ სამხედრო ნაწილების გამოყენებით, 500-მდე სამოქალაქო პირი ქუჩებში დახვრიტა. ანტისამთავრობო გამოსვლები სირიაში 18 მარტს დაიწყო, რასაც ქვეყანაში არეულობა მოჰყვა.