დაუსრულებელი ომი ჩრდილო კავკასიაში
14:06:02     29-04-2011
ჩრდილო კავკასიაში ჩვეული დაძაბულობა გრძელდება. ყაბარდო–ბალყარეთისა და სტავროპოლის მხარის საზღვარზე რუს სამართალდამცველებსა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა. რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ათი მებრძოლი, მათ შორის ქალები გაანადგურეს. მოკლულია ყაბარდო–ბალყარელი მებრძოლების ლიდერი – ასკერ ჯაპუევი. რუსები ირწმუნებიან, რომ ეს სპეცოპერაცია ერთერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული იყო, ძალოვნების მიერ ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის პარალელურად, რომლის დროსაც დოკუ უმაროვის გარემოცვის წევრების ლიკვიდაცია მოხდა.
ყოველი ასეთი ტიპის მორიგი სპეცოპერაციისას, რუსული საინფორმაციო გამოშვებები, ფაქტობრივად, ზეიმს აწყობენ. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, რუსული მედია დეტალურად საუბრობს თანამემამულე ძალოვნების მიღწევებზე. მომხდარ სპეცოპერაციას კი რუსული სახელმწიფოს უმაღლეს მიღწევად ნათლავს. ბირთვული, ზესახელმწიფოოებაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მართვის აბიცია აქვს, საკუთარ რეგიონში ერთი დაუმორჩილებელი მებრძოლის განაგდურებას ისეთი რეაქციით ხვდება, როგორც მასშტაბურ გლობალურ წარმატებას საერთაშორისო არენაზე. თუმცა ფაქტია, რომ უზარმაზარ რუსულ სახელმწიფოს ქაოტური რეგიონის მართვა ძალიან უჭირს და იქ მშვიდობის დამყარება ვერაფრით მოახერხა.
სიტუაცია არც მიმდინარე წელს შეცვლილა. 2011 წელს მარტო ორ თვეში ჩრდილო კავკასიის რეგიონში ასეულობით დანაშაული მოხდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულების ძალიან დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელია. ამ საშუალებით, რუსი სამართალდამცველები, ფაქტობრივად, თავს იტყუებენ და ჩრდილო კავკასიაში დანაშაულების შემცირების ილუზიას ქმნიან.
დაკარგულთა და გატაცებულთა რიცხვი კი, ყოველთვიურად სულ უფრო მატულობს. რუსი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსეთი და ჩრდილო კავკასია მენტალურად და ფსიქოლოგიურად ერთმანეთს დაშორდნენ. მსგავს დასკვნამდე რუსები 21–ე საუკუნეში მივიდნენ. თუმცა, ამ რეგიონის დიდი ნაწილი როდის იყო რუსულ იმპერიასთან შესაბამისობაში, ვერავინ იხსენებს. რუსების თქმით, ჩრდილო კავკასიაში შექმნილი სიტუაცია ამ რეგიონში რუსეთის ხელისუფლების დანაშაულის და ფუნდამენტური შეცდომების ბრალია.
წლების განმავლობაში, ჩეჩნეთის წინააღმდეგობამ ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებსაც გაუჩინა აჯანყებების სურვილი და დღეს აქ რეალურთან ერთად, იდეოლოგიური ომიც მიდის. მოქმედებების ეპიცენტრმა კი დაღესტანსა და ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა. რუსი ექსპერტების თქმით, ასობით ათასი ახალგაზრდა ჩრდილო კავკასიიდან იძულებულია რუსეთის სხვა ქალაქებში გადავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ აქ ადგილობრივ რუსულ საზოგადოებასთან ურთიერთობებში გართულებები წარმოიქმნება და შესაბამისად, ამ საზოგადოების რუსულთან ინტეგრირების პროცესი, ფაქტობრივად, უტოპიურ მოვლენად იქცა.
რუსებმა წლების განმავლობაში ძირითად ბრძოლებშიც დიდი დანაკარგები ნახეს და უფრო მეტი კი – პარტიზანების წინააღმდეგობის შედეგად. ოპერაციის გაცილებით რთული ეტაპი სწორედ პარტიზანებთან ომია, რომელთანაც ჩვეულებრივი საბრძოლო მეთოდები არ ჭრის. რუსეთის ფედერალური ძალები კი სწორედ ასეთი მეთოდებით მოქმედებენ, რაც უმეტეს შემთხვევაში, კრახით სრულდება.
როგორც ადრეც ვწერდით, პარტიზანული ომის ერთერთ მთავარი ფიგურა სნაიპერია, რაც ჩეჩნებმა და სხვა ჩრდილო კავკასიელებმა რუს გენერლებზე ადრე გაიგეს. რუსები წერენ, რომ რომელიმე ტყიან მთაზე, 800–1000 მეტრის დაშორებით, უჩინარი მსროლელი ახორციელებს ერთ–ორ გასროლას, ხოლო დაზარალებულს ყველა მხარეს უწევს „კალაშნიკოვის“ ჯერის მიშვება, რომელიც ამ სიტუაციაში სრულიად არაეფექტურია. მსგავსი მეთოდებით ბრძოლა იწვევს იმას, რომ მთიანი რაიონები მთლიანად მებრძოლების კონტროლქვეშაა, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც გვერდში უდგას და აულებში მალავს. მოქმედებს მთელი რიგი, რუსების საწინააღმდეგოდ მიმართული ფსიქოლოგიური ფაქტორებიც. შედეგად, ომი ჩრდილო კავკასიაში დაუსრულებლად გრძელდება.