მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

  12:25:16     06-07-2016

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ორი დღის წინ გამოუტანეს. ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. 

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16 წლიანი პატიმრობა) ითხოვდა.