"მოსკოვი ცდილობს ააღორძინოს საბჭოთა იმპერია და გააფართოვოს საკუთარი გავლენები"

  12:25:35     05-07-2016

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სპეციალურ ანგარიშში, რომელშიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზეა საუბარი, ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა მანიშნებელია მოსკოვის მცდელობისა ააღორძინოს საბჭოთა იმპერია და გააფართოვოს საკუთარი გავლენები.

„რუსეთი განიხილავს ნატო-ს გაფართოებას არა როგორც სუვერენული სახელმწიფოების თავისუფალ არჩევანს, არამედ როგორც დასავლეთის „გარშემორტყმის“ პოლიტიკას. 2015 წლის რუსეთის სამხედრო დოქტრინაში მთავარ საფრთხედ გამოცხადებულია - „ნატო-ს სიმძლავრის პოტენციალის გაზრდა“ და ”ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან მიახლოება”.
2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა წინ წაწია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში სამომავლო გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი არ გახორციელდა, ის გამოიყენეს როგორც საკვანძო ფაქტორი რუსული სამხედრო ძალის გაფართოების გასამართლებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალების აქტიური მოდერნიზაცია დაიწყო.

„რუსეთის კიბერთავდასხმები მთელი ევროპის მასშტაბით და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ არის ცალკეული ქმედებები, არამედ ამბიციის სიმპტომებია, მოახდინოს შიდა მხარდაჭერის სტაბილიზაცია იმისთვის, რომ საბჭოთა იმპერიის ნაწილი მაინც აღადგინოს და მოახდინოს მოსკოვის გლობალური გავლენის აღორძინება და გაფართოება“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების განახლებასა და გაფართოებას და მკაცრად უპასუხოს „რუსეთის რემილიტარიზაციას“.