სისხლიანი ინციდენტი ქაბულის აეროპორტში
10:34:27     29-04-2011
ქაბულის აეროპორტის შენობის სიახლოვეს ინციდენტი მოხდა. აქ აეროპორტის საფრენ ბილიკს იყენებენ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო თვითმფრინავები. ამიტომ ტერიტორიაზე ავღანურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ოფიცრის გამოჩენა ეჭვს არავის აღუძრავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელ და ავღანელ სამხედროებს შორის უთანხმოება წარმოიქმნა და ერთერთმა ამაყმა პუშტუნმაც, რომელიც ავღანელი მფრინავი აღმოჩნდა, მაშინათვე იარაღზე გაიკრა ხელი. სროლების შედეგად, 8 ჯარისკაცი და ერთი, აშშ-ის მოქალაქე, სამოქალაქო სპეციალისტი დაიღუპნენ. მფრინავი კი აეროპორტის დაცვამ დაცხრილა.
ინცინდეტის შესახებ სხვა ვერსიებიც გავრცელდა. ერთერთის მიხედვით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი, “თალიბანის” წევრი იყო. ყოველ შემთხვევაში, თალიბებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინათვე საკუთარ თავზე აიღეს.
ავღანეთის ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ეს პიროვნება თვითმკვლელი ტერორისტი იყო, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა დამონტაჟებული. ქაბულში აფეთქებები და თავდასხმები ყოველდღიურად ხდება, რომლის მსხვერპლი სამხედრო მოსამსახურეებიც და სამოქალაქო პირებიც თითქმის თანაბარი რაოდენობით ხდებიან.