"საქართველოს არ სჭირდება მაპ-ის მსგავსი ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის"

  11:23:21     27-06-2016

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებთან შეხვედრაზე ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებსა და ვარშავის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს არ სჭირდება მაპ-ის მსგავსი ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის.

"არავითარი მაპ-ის მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს არ სჭირდება. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით, პრაქტიკული შემადგენლით არის ყველაზე მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რაც კი ნატო-რომელიმე ქვეყნის ურთიერთობაში როდესმე შექმნილა. არანაირი მაპ-ის მაგვარი, არავითარი დოკუმენტი  ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად, არც ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა იქნება ფაზები, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ეს არის, რასაც ველოდებით ვარშავისგან. "-განაცხადა ხიდაშელმა.

შეხვედრაზე მან საკუთარ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. კითხვაზე იქნება თუ არა მომავალშიც თავდაცვის მინისტრი, მან განაცხადა, რომ ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

"ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი. ვფიქრობ, რონ მომეცემა ისევ იმ საქმს კეთების საშუალება, რომელსაც არაუშავს, ნორმალურად ვაკეთებდი",-თქვა მან.

ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას თინა ხიდაშელმა აღნიშნა იცის, რომ მან პირნათლად შეასრულა პოსტზე დანიშვნისას დადებული ყველა დაპირება.

"მე დავპირდი საზოგადოებას, რომ აღარ იქნებოდა ჰაუპტვახტები და აღარც არის. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან ცუდი და მანკიერი სისტემა, სადაც ადვოკატსაც კი არ ჰქონდა შესვლის უფლება თუ ამას ასე ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ დღეს მსგავსი რამ აღარ არსებობს. შევპირდი საზოგადოებას, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში აღარ იქნებოდა სპეც უბნები და აღარ არის სპეცუბნები. იმედი მაქვს, საქართველოში აღარ მოვა ხელისუფლება, რომელიც საჭიროდ ჩათვლის სპეცუბნების გაკეთებას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.