ლიბიის ოპერაცია და „ციდან ჩამოყრილი“ მილიონები
15:04:16     28-04-2011
ლიბიის ოპერაციის მიმდინარეობისას, კოალიციის მიერ დახარჯული თანხების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც უკვე ცნობილია, ლიბიელი ამბოხებულები ამერიკის შეერთებული შტატებისაგან, დახმარების ფარგლებში, კიდევ 25 მილიონ დოლარს მიიღებენ. აშშ–ის ხელისუფლებამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ექსპერტების თქმით, ეს მიზერული თანხაა იმასთან შედარებით, რასაც დასავლური კოალიცია ლიბიის სამხედრო კამპანიაში და კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში ხარჯავს.
ამერიკული დახმარება დემოკრატიისათვის მებრძოლთათვის, ძირითადად, არასამხედრო ტექნიკის შესაძენად უნდა იქნას გამოყენებული. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების, სასწრაფო დახმარების მანქანების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიზერული თანხაა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო იმიჯის გასამყარებლად სჭირდება, რეალურად კი, მაინცდამიანც ვერაფრით შეეხიდება ამბოხებულებს.
ცოტა უფრო ადრე, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისათვის, 177 მილიონი დოლარი, „ჰუმანიტარული მიზნებისათვის“, ქუვეითის ემირმაც გაიღო. თუმცა, მიზნობრივად იხარჯება თუ არა გადარიცხული თანხები, არავინ იცის, მაგრამ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარც აქვს. ზოგადად კი, მიმდინარე ომის საერთაშორისო გასავლები ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტ თანხას, ოპერაციის მსვლელობის ნატოსთვის გადაბარების მიუხედავად, მაინც ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს.
ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს, ამერიკელი კონგრესმენები აღნიშნავდნენ, რომ კამპანიის ღირებულებამ 400 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. დღევანდელი მონაცემებით, ლიბიის სამხედრო ოპერაციაზე დახარჯული თანხის მოცულობა 19 მარტიდან 4 აპრილამდე, კოალიციის მონაწილე ყველა ქვეყნისათვის 608 მილიონი დოლარია, ამერიკის შეერთებული შტატების დანახარჯებმა – 500 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან 225 მილიონი დოლარი მარტო რაკეტა „ტომაჰავკის“ გაშვებაზე დაიხარჯა.
აპრილის დასაწყისის მონაცემებით, სამხედრო თვითმფრინავების მოქმედებები ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველდღიურად 4 მილიონი დოლარი უჯდება. ეს მონაცემი „ბიბისის“ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მდივანმა, მაიკლ დონლიმ მიაწოდა. მაგრამ ოპერაცია „ოდისევსის განთიადის“ შეწყვეტის შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და პარიზმა სამხედრო ოპერაციის წარმოება ნატოს გადააბარა, მათი მონაწილეობა სამხედრო მოქმედებების წარმოებაში, ოფიციალურად შეიზღუდა.
ომის დროს ფინანსური დანაკარგები განიცადა დიდმა ბრიტანეთმაც. ეს თანხა შეადგენს ათეულობით მილიონ დოლარს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა თანხის დაზუსტებაზე უარი განაცხადა, მაგრამ გარკვეული ორგანიზაციების მონაცემებით, ლიბიის ოპერაციაზე ლონდონის ხარჯები, თვენახევარში დაახლოებით 100 მილიონი ევროა.
ბრიტანული მოიერიშეების „ტორნადოს“ და „ტაიფუნის“ „საფრენი საათის“ ღირებულება 35–დან 70 ათას ევრომდეა. ამას ემატება გაფრენებისთვის საჭირო საწვავი და ხელფასი პილოტებისათვის. ლიბიის კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევის ინიცატორი საფრანგეთის მხრიდან, ოპერაციაში მონაწილეობას მოიერიშეები „მირაჟი“ და „რაფალი“ იღებს. მათი „საფრენი საათი“ 10 ათასი ევრო ჯდება. საერთო ბიუჯეტის დასახელება კი თავდაცის სამინისტრომ ვერ შეძლო. ანალიტიკური ცენტრების და გაზეთ „ლიბერასიონის“ მონაცემებით, ოპერაცია პარიზს დაახლოებით 150 – 250 მილიონი ევრო დაუჯდა.
ლიბიის ომი კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. ცნობილია, რომ ნატოს ოთხთვიანი ოპერაცია იუგოსლავიაში 1999 წელს 1,3 მილიარდი ევრო დაჯდა. სპეციალისტების აზრით, ლიბიის კამპანიის გამო, ფინანსური კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯერჯერობით, არ ემუქრება. ამერიკული ეკონომიკის ფონზე, ეს თანხები ზღვაში წვეთია, თვით ერაყის და ავღანეთის კამპანიის ჩათვლითაც კი. აშშ–ის ლიბიური ნავთობიც იმდენად არ ეხება, ამ ქვეყნის ექსპორტი უმეტესად ევროპაში მიდის. ამ ომში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის ძირითადი მიზეზი პოლიტიკურია.