გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ იმ ღამეს ქმარს დაურეკა"

  15:56:04     22-06-2016

მაგდა პაპიძის სასმართლოზე გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლის თქმით, შემთხვევის ადგილზე მისული იყო სხვა გამომძიებელი, თავად კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც მიჰყავდათ მოწმეები, ის კი მათ ჰკითხავდა.

ნუგზარ ნათელაშვილი (გამომძიებელი): "თანამშრომლებმა მაცნობეს, გარდაცვლილის გვამს ეტყობა თრევის კვალი, სისხლის კვალი იწყება სახლის ზღურბლზე, სისხლი აღმოჩენილია სახლშიც და მანქანასთანაცო. რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს დანაშაული ოჯახში იყო ჩადენილი. ოთახში სისხლი მოწმენდილი იყო, მაგრამ კვალი მაინც იყო დარჩენილი. მაგდა პაპიძე წარმოადგინეს პოლიციაში და რადგან ქალი იყო, ის გამომძიებელმა, თამარ ზედგენიძემ დაკითხა. პირველი ჩვენება, რაც მოგვცა პაპიძემ, რადიკალურად განსხვავდებოდა შემთხვევის ადგილზე ნანახი სურათისგან, რომლის მიხედვითაც სახლში იყო სისხლის კვალი და ამიტომ პირდაპირი ეჭვი იყო პაპიძეზე, მაგრამ რადგან ეჭვის საფუძველზე დაკავების უფლება არ გვქონდა, ვეძებდით სამხილებს დანაშაულის ადგილზე. ვიპოვეთ ურო..." - განაცხადა გამომძიებელმა.

მაგმომძიებლის თქმით, მაგდა პაპიძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ღამე მეუღლეს დაურეკა. "სატელეფონო კავშირების გაშიფვრისას დავრწმუნდით, რომ პაპიძე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მკვლელობის ღამეს ქმარს ტელეფონზე ელაპარაკა, თუმცა 19 დეკემბერს ინტენსიური სატელეფონო კავშირები ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილთან, ხოლო იმ დღეს ქმარს დაურეკა მხოლოდ ერთხელ 15:20-წუთზე. 17:00-დან 19:00 საათამდე მის ტელეფონზე ზარი არ შედის და 19:00 საათის მერე ინტენსიურად წერს მეზობელ ნანა ტუხაშვილს, რომლისთვისაც თმა უნდა შეეღება.

ასევე გაიშიფრა დედამთილთან, დარეჯან მინდიკაურთან მიწერილი შეტყობინებები, მაგდა პაპიძე დედამთილს წერს, რომ ომარი და ბავშვი მოდიან, დაიძინეო, რეალურად კი, ამ დროს მეუღლესთან კავშირი ვერ ექნებოდა, რადგან ის უკვე გარდაცვლილი იყო. პაპიძე ჯერ 17:07 წუთზე ურეკავს ბერძენიშვილს და ბოლოს ურეკავს 03:13 წუთზე, მას სხვასთან არ დაურეკავს, არც ის დადასტურდა, რომ თითქოს მაგდა პაპიძემ პატრულში დარეკა. გაიშიფრა ასევე ომარ ქაფიაშვილის სატელეფონო საუბრები, ლანა პაპიძე თავის ჩვენებაში ამბობს რომ თავის სიძეს ვიღაცამ დაურეკა და მისი ზარის გამო გავიდა სახლიდანო, არც ეს დადასტურდა, რადგან 16:00 საათიდან ომარ ქაფიაშვილის ტელეფონზე არავის დაურეკავს.

25 დეკემბერს დამირეკა ომარ ქაფიაშვილის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა, რომელმაც წარმიდგინა პატარა თორნიკეს ქურთუკები და პარკში ჩაწყობილი გირჩები, ბუმბული, ხელნაწერები, მონადირის ქანდაკება და მითხრა, რომ კარადაში აღმოაჩინა. ეს იყო პაპიძის სასიყვარულო ხელნაწერები, სადაც საუბარია ვიღაც მონადირეზე, და ამ მონადირეს პაპიძე ოთარ ბერძენიშვილს უწოდებდა". - განაცხადა გამომძიებელმა.

სასამართლოზე შესვენებაა გამოცხადებული. განიხილება საკითხი, დაიხუროს თუ არა სხდომა პაპიძის სასიყვარულო წერილების წაკითხვისას...