მაღაზიის გამყიდველი: "ქალბატონმა შეარჩია ყველაზე დიდი ურო, რაც მქონდა მაღაზიაში"

  14:05:39     22-06-2016

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გრძელდება. დაიკითხა მაღაზიის გამყიდველი, რომლის მაღაზიაშიც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე პაპიძემ ურო შეიძინა.

მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მასთან ურო 2015 წლის 19 დეკემბერს შეიძინა. ამის შესახებ დიანა დიასამიძემ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. როგორც მან აღნიშნა მაგდა პაპიძე მის კუთვნილ სამშენებლო მასალების მაღაზიაში, რომელიც დიდუბეში მდებარეობს, დღის პირველ ნახევარში ბავშვთან ერთად მივიდა.

"შემოვიდა ქალბატონი ბავშვთან ერთად და იკითხა ურო. მე დავათვალიერებინე მას რამდენიმე ურო. შეარჩია ყველაზე დიდი რაც მქონდა მაღაზიაში. გადაიხადა 25 ლარი და წავიდა. სხვა რამ, ან ლურსმნები ან სხვა სამშენებლო მასალები არ უკითხავს და არ შეუძენია", - განაცხადა მოწმემ.

მოწმის დაკითხვისას ასევე ნაჩვენები იქნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ მიდის მაღაზიაში მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და შემდეგ რამდენიმე წუთში როგორ გამოდის უკან პარკით ხელში.

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მეუღლეს თავში ურო ჩაარტყა, შვილი კი გაგუდა.