თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ჯარში იწვევს
16:58:52     16-06-2016
მედია-სწავლებას
„ღირსეული პასუხი 2016“ (Nobel Response – 2016) 1 ივლისიდან 5
ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს სპეციალურ სწავლებაზე იწვევს.
უწყების ინფორმაციით, „რთულად პროგნოზირებად საინფორმაციო
გარემოსთან“ ადაპტირებისათვის, მედიის წარმომადგენლებს „ხუთი სამუშაო
დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში“ სამხედრო ნაწილის
ტერიტორიაზე სპეციალური წვრთნის გავლა მოუწევთ.
მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2016“ (Nobel Response – 2016) 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, ჟურნალისტების, რეპორტიორების და ოპერატორების ტრენინგია.
მონაწილეობის მსურველები 5 დღის განმავლობაში, სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 5 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.
შესაბამისად სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.