ბიზნესმენი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ბათუმში?

  10:28:27     16-06-2016

ბათუმში, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს თავის არეში ერთი ჭრილობა აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. დავითაძის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. ის ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. დავითაძე მიხეილ სააკაშვილის დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც სასჯელის სახით 5 წელი და სამი თვე ციხეში გაატარა. პატიმრობაში მყოფმა დავითაძემ საკუთარი ბიზნესი შვილიშვილს და რძალს გადასცა.