დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი დაპირისპირების მიზეზი გახდა

  10:27:58     14-06-2016

ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფა სთხოვეს, თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ძეგლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საკუთარი მოვალეობები შეახსენა:

„მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ადგილობრივი დაქვემდებარების არის და არა კულტურის სამინისტროსი, თავის დროზე სამინისტრომ გამოყო თანხები პროექტის დასამუშავებლად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს პროექტი გააკეთა. ვფიქრობ, რომ ხელის გამოშვერის მაგივრად ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაბამისი პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს ბიუჯეტის შედგენის დროს, თუ ეს საკითხი ამდენად მნიშვნელოვანია და ჩემი თვალსაზრისით, ნამდვილად არის, შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს თავის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებებით", - განაცხადა გიორგაძემ.

,,პრესა -ჯი“ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გურასპაშვილს დაუკავშირდა, გურასპაშვილი ამბობს, რომ მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს, თუმცა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გარდა მუზეუმისა ქვეყანაში შექმნილ უამრავ მოუგვარებელ პრობლემაზე საუბრობს:,, მინისტრს არასწრორად მიუტანეს ამბავი. სამინისტრო დაგვეხმარა ადრე, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუზეუმის საკითხის მოგვარება შეუძლებელია, როგორც ბევრი სხვა მოუგვარებელი პრობლემა ქვეყანაში, ეს საკითხიც მოუგვარებელი რჩება. ჯერ არ მინდა თქმა, თუმცა ვიცი ვინც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას“-განაცხადა პრესა.ჯისთან გიორგი გურასპაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით საკუთარ ფუნქციებში ერკვევიან. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი კი ამ ზაფხულსაც სავარაუდოდ რეაბილიტაციის დარჩენილი მიიღებს დამთვალიერებელს.