ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის გამო, სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დაიხურა

  14:25:04     13-06-2016

ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის გამო, სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა დაიხურა. სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროკურორებმა დაყენეს. 

როგორც პროკურორმა ელენე ჩხეიძემ შუამდგომლობის დაყენებისას განმარტა, ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვისას საუბარი იქნება ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე, ასევე გამოკვლეული უნდა იყოს მათი პირადი მიმოწერა, რაც პერსონალური ინფორმაციაა. შესაბამისად, პროკურორებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დააყენეს. 

პროკურორების აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანმხა და მოსამართლემ მიიღო გადაწვეტილება, რომ პროცესი ნაწილობრივ დაიხუროს.

ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვას, რომელიც საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმეა, მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებული მხარეები დაესწრებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მეუღლე და შვილი ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მოკლა.