მაგდა პაპიძე: "მე და თორნიკეს უბრალო დედა-შვილობა არ გვქონდა"

  18:05:33     10-06-2016

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმეზე არსებითი განხილვის დროს, შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

მაგდა პაპიძის თქმით, შვილის მიმართ განსაკუთრებული დედა-შვილური გრძნობა ჰქონდა. პაპიძემ ეს განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

"გულწრფელად, აღარავის ვაცოდებ თავს, მაგრამ ჩემი შვილი მიწაშია. ძალიან დიდხანს მეგონა ცოცხალი. მე და ომარი სიყვარულით დავქორწინდით. ჩემი შვილი შვიდთვიანი დაიბადა, ძალიან გართულებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ინკუბატორში იწვა, ვერ ვუყურებდი და ვითხოვდი, რომ მკერდზე დაეწვინათ. ახლაც რომ მიხვედით სახლში, ჭურჭლის კარადაში არის ჩიპი, სადაც გადაღებულია ფოტო, თუ როგორ მიწევს ბავშვი მკერდზე. ეს იყო ჩემი და თორნიკეს დედაშვილობის პირველი სითბო. ყველა ხედავდა, როგორ ვზრდიდი ჩემს შვილს. თორნიკე ვარჯიშობდა, მღეროდა, ცეკვავდა. მის აღზრდაში დიდი ინვესტიცია ჩავდე, კითხულობდა, ხატავდა, 5 წლის ბავშვს 7 წლის ბავშვის ტანსაცმელი სჭირდებოდა. თორნიკეს ჩემს ნაშიერს ვეძახდი. მე და თორნიკეს უბრალო დედა-შვილობა არ გვქონდა", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

პაპიძემ ისაუბრა იმ გარემოებაზეც, რაზეც დღეს პროკურორმა გაამახვილა ყურადღება, რომ ის იღებდა გამომწვევ ფოტოებს და ათავსებდა სოციალურ ქსელში. მაგდა პაპიძის თქმით, ის 2 ფოტო "ფეისბუქზე" მისი მეუღლის დადებული იყო.

"ორი ფოტო, რომლებიც გამომწვევად მიიჩნიეს, ჩემი მეუღლის მიერ არის დადებული. სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი, რისთვისაც გარკვეული ფოტოები მჭირდებოდა. ძალიან მოსიყვარულე იყო ჩემი მეუღლე. პათოლოგიური სიმთვრალე კი ჰქონდა, მაგრამ ჩემ მიმართ და ოჯახში იყო იდეალური და ვაჟკაცური. ფიზიკურად იყო ძალიან დიდი. იმ დივანზე, რაზეც ბრალდება მიუთითებს, რომ ჩაეძინაო, ვერ დაწვებოდა, რადგან ფიზიკურად ვერ დაეტეოდა", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მან ისაუბრა იმ უროზე, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, დანაშაულის იარაღია. მისი თქმით, ურო მეუღლემ დააბარა ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჭერის შესაკეთებლად.

ასევე, პაპიძემ ისაუბრა იმ ჩანაწერზე, რაზეც ბრალდება მიუთითებს, რომ მკვლელობის გეგმა იყო დაწერილი.

მისი თქმით, მან თავისი სურვილით მოსთხოვა გამომძიებელს, ენახათ რვეული, სადაც ის ხარჯთაღრიცხვას აწარმოებდა. სწორედ იქ ეწერა უროსა და ლურსმნების შესახებ, რომელთა ყიდვაც ქმარმა დაავალა.

ასევე, ბრალდებულმა ისაუბრა იმ ფიზიკურ ძალადობაზე, რომელიც მის მიმართ დაკავების პროცესში განხორციელდა.

როგორც პაპიძემ აღნიშნა, მას სხეულზე დაზიანებები ახლაც ეტყობა.

"ფიზიკურ შეურაცხყოფებს მაყენებდნენ, მირტყამდნენ, ტანსაცმელი დამახიეს. ამ დრომდე მეტყობა მუცელზე დაზიანების კვალი.

გავიხსნიდი ახლა ზედას და გაჩვენებდით.  მცემდნენ, ვიდრე ინსულინის ნემსი არ დაინახეს. შემდეგ გაჩერდნენ. მეუბნებიან, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სად არის შედეგი?", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა ოთარ ბერძენიშვილის შესახებ, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ სწორედ მის მიმართ გაჩენილი გრძნობის გამო გადაწყვიტა მაგდა პაპიძემ ახალი ცხოვრების დაწყება და დანაშაულის ჩადენა. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან ის დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ.

შემდეგი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავად აირჩია. პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებული დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მაგდა პაპიძეს მეუღლისა და ხუთი წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.