მინის თეატრს უკრაინასა და მოლდოვაში გასტროლამდე პრემიერა აქვს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში
08:42:18     09-06-2016
13-24 ივნისს უკრაინაში გამართულ მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალზე (“Vidlunnja”) , აშშ-ს, გერმანიის, შვედეთის, უკრაინის, ბელორუსის თეატრებითან ერთად მონაწილეობას მიიღებს მინის თეატრი საქართველოდან. მინის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება მონოსპექტაკლით, რომლის პრემიერაც 10,11,12 ივნისს იმართება მარჯანიშვილის თეატრის სხვენში. რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა თანამედროვე მოლდოველი დრამატურგის - ანჯელინა როშკას პიესა „მესაფლავე“ დადგა და მიუძღვნა საკუთარი პედაგოგის, გამოჩენილი ქართველი თეატრმცოდნის ვასო კიკნაძის ხსოვნას.
როლს ასახიერებს მსახიობი ოთო ჩიქობავა. მონოსპექტაკლში ამბავი მსახიობის საგრიმიოროში ვითარდება. თეატრში „ჰამლეტის“ პრემიერაა. ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც თეატრში სწორედ ჰამლეტის როლმა მიიყვანა და ამ როლის განსახიერება ოცნებად აქვს ქცეული, ათამაშებენ მესაფლავის როლს...
პრემიერის წინ თეატრში, მსახიობის საგრიმიოროში ახალი, თანამედროვე ჰამლეტის ტრაგედია თამაშდება - მსახიობი გვიყვება თავის სევდიან, ტრაგიკულ თავგადასავალს, გვიყვება თავის ოფელიაზე - სტელაზე, თავის ოცნებებზე, რომელსაც ცხოვრებამ, თეატრმა ფრთები დააგლიჯა. და მაინც ვერ ეშვება თამაშს, საგრიმიოროში თამაშობს სცენებს ”ჰამლეტიდან”, თამაშობს როგორც ჰამლეტი... ჩვენ თვალწინ ახალგაზრდა აქტიორია, რომელსაც არ აძლევენ გასაქანს... ჰამლეტისეულ ”ყოფნა-არყოფნას” ენაცვლება დილემა - სცენაზე ყოფნა-არყოფნა, გასვლა-არგასვლა - ითამაშოს თუ არა სპექტაკლი. სადაცაა სპექტაკლი დაიწყება. ჩაკეტილია, არ გადის საგრიმიოროდან, მას ახსენებენ, მას აიძულებენ სცენაზე გასვლას, მესაფლავის როლის ისედაც პრიმიტიული მონახაზს, რომლის გამდიდრებასაც იმპროვიზაციულად აპირებდა სცენაზე - მეტისმეტად უკვეცავენ, სცენაზე ერთ გასვლას უტოვენ... ის მაინც გადაწყვეტს საბოლოდ გასვლას, მაგრამ სცენაზე ყოფნა-არყოფნის, გასვლა-არგასვლის საკითხი თავისთავად იხსნება - ის იღუპება საგრიმიოროში...
როგორც რეჟისორი აცხადებს, ესაა სპექტაკლი იმაზედ, თუ რა დაუნდობლად სრისავს ეს ცხოვრება ნიჭიერ ადამიანებს და აქცევს საკუთარი თავის მესაფლავედ...
მინის თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე 13 ივნისს ხმელნიცკში წარმოადგენს „მესაფლავეს“, 25 ივნისს ჩერნიგოვში.
მინის თეატრი რეზო შატაკიშვილის მიერ 2012 წელს დაარსებული არასტაციონარული თეატრია - თეატრალური კომპანიაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სცენა და წარმოდგენებს მართავს სხვადასხვა სცენებზე. მინის თეატრმა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მაყურებელს წარუდგინა ტენესი უილიამსის „მინის სამხეცე“, ჯონ ოსბორნის „მოიხედე მრისხანების ჟამს“, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში - ეჟენ იონესკოს „მაკბეტტ“.
საგულისხმოა, რომ მინის თეატრის დაარსებას ბიძგი მისცა, 2011 წელს მოლდოვაში საერტაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობამ, სწორედ კიშოვონვში გაიმართა „მინის სამხეცის“ პრემიერა, ამჯერად მინის თეატრი, უკრაინაში ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ სწორედ მოლდოვაში, კიშინოვში მიდის გასტროლზე - „მესაფლავეს“ 28,29 ივნისს მოლდოვას ნაციონალურ თეატრში წარმოადგენენ. 2011 წელს, რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა აღნიშბულ თეატრში განახორციელა ექსპერიმენტული პროექტი - დადგა ფერნანდო არაბალის „პიკნიკი ბრძოლის ველზე“ ქართულ და რუმინულ ენებზე. მოლდოველი მსახიობები სრულად თამაშობდნენ სპექტაკლს ქართულ ენაზე და მხოლოდ შემდეგ თამაშობდნენ იგივე სპექტაკლს რუმინულად.
მინის თეატრი საქართველოში 2 ივლისს ბრუნდება.