ხმოვანი კინო - “საზარელი ურჩხული”
12:30:39     26-04-2011
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველი საშინელებათა ფილმი, მუნჯური იყო. ეს იყო ჯორჯ მელიეს "ეშმაკის ციხე-სიმაგრე", გადაღებული 1896 წელს. ხოლო გერმანელი პოლ ვეგენერის ფილმმა, Der Golem 1930-იანი წლებიდან ჰოლივუდს მონსტრებზე ფილმები შთააგონა. ეს შთაგონება რამდენად კარგად აისახა და რა პოპულარობით სარგებლობს მაყურებლეთა შორის, ყველამ კარგად ვიცით, საშინელებათა ფილმებს, დღეს რეიტინგში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავიათ.
Pპრინციპულად, კინო მუნჯი არასდროს ყოფილა. საინტერესოა, რომ ედისონის ასისტენტის დიქსონის პირველი ფილმი, ფონოგრაფთან იყო შეერთებული. კინოს არსებობის ორი ათეული წლის განმავლობაში, კინოდეკლამაცია იყო გავრცელებული: მსახიობები ეკრანს ამოფარებული კითხულობდნენ ტექსტს. იაპონიაში პირველად, მხოლოდ უცხოურ ფილმებს განუმარტავდნენ მაყურებელს სპეციალური კომენტატორები - კაციუბენები, ანუ ბენშები. ამ კომენტატორებს ისეთი წარმატება ხვდათ, რომ მალე ყველა ფილმის ჩვენებისას კითხულობდნენ ტექსტს. ხალხი საგანგებოდ დადიოდა საყვარელი ბენშის მოსასმენად.
სხვადასხვა ქვეყანაში, არაერთხელ სცადეს შეეერთებინათ კინო და გრამაფონი. და ბოლოს, პირველივე სეანსიდან მოყოლებული ფილმებს თან ახლდა მუსიკა, ან პიანისტ-ტაპერები უკრავდნენ, ან ანსამბლები; ხანდახან დიდი სიმფონიური ორკესტრებიც. ხშირად ფილმისათვის სპეციალურად წერდნენ მუსიკას. მუნჯ ფილმებს თან ახლდა მუსიკალური გაფორმება, აგრეთვე ვხვდებით სიტყვებსაც ტიტრების სახით.
ხმოვანი კინოს პირველი პატენტები მუნჯი ფილმებით მოვაჭრე ჰოლივუდის ფირმებმა შეიძინეს და შეინახეს. მაგრამ კონკურენციამ აიძულა ძმები უორნერების ფირმას გაებედა და გამოეშვა 1927 წელს ხმოვანი ფილმი, "ჯაზის მომღერალი". ამ ფილმის გაუგონარმა კომერციულმა წარმატებამ ახალ მუსიკალურ ფილმებს გაუხსნა გზა. 1928 წლიდან კი, ამერიკული კინო ხმოვან სურათზე გადადის.
მუნჯი კინოს მსახიობები, გახმოვანებული ფილმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1931 წლისათვის კინოინდუსტრიის სტანდარტი ხმოვანი კინო იყო, ჩარლი ჩაპლინმა ჰოლივუდზე ზეგავლენით, სრულიად დამოუკიდებლად გადაიღო ფილმი, "ქალაქის ჩირაღდნები". ფილმს ფონად აქვს მუსიკა, აგრეთვე ვხვდებით მცირეოდენ გაურკვეველ ხმოვან ჩანართებს.
შემოქმედებით ჯგუფის უმრავლესობა, ეჭვით მოეკიდა ახალ გამომსახველობით საშუალებებს. გრიფიტი წერდა: "ფილმი თავისი ბუნების გამო არ შეიძლება სიტყვასთან იყოს დაკავშირებული". ჩაპლინს, 1940 წლამდე ეკრანიდან არ წარმოუთქვამს არცერთი სიტყვა, იყენებდა მხოლოდ მუსიკას. რენე კლერი კი წერდა: "ხმოვანი კინო - ეს საზარელი ურჩხულია, არაბუნებრივი ქმნილება, რომლის წყალობით ეკრანი უბადრუკ თეატრად იქცევა". მაგრამ ორი წლის შემდეგ 1930 წელს, მის პირველ ფრანგულხმოვან ფილმს "პარიზის სახურავბქვეშ" დიდი წარმატება ხვდა წილად.
ხოლო რაც შეეხება ფერადი გამოსახულებისადმი ინტერესს, მისდამი სწრაფვას, კინოს შექმნიდანვე იჩენდნენ, მაგრამ ტექნიკა პრიმიტიული იყო: პოზიტივებს ხელით აფერადებდნენ, ფერები არაბუნებრივი გამოდიოდა, კონტურებს ზუსტად ვერ ავლებდნენ და ეკრანზე ფერადი ლაქები ხტოდა, ციმციმებდა, და მაინც, მტრედისფერი ცა, მწვანე მინდორი, ნაირფერი კოსტიუმები მოსწონდა მაყურებელს, განსაკუთრებით ხედურ ფილმებში.
ტექნიკურად უფრო იოლი იყო და ამიტომაც უფრო გავრცელა ვირაჟი - პოზიტიური ფირის მთლიანად შეღებვა ნარინჯისფრად, იისფრად ან მწვანედ. გასული საუკუნის დასაწყისში ბევრი ცნობილი რეჟისორი მიმართავდა ვირაჟს. ნარინჯისფერი ფირით ნაჩვენები ხანძრის სცენები, მწვანე ტყე-ველები, იისფრად შეღებილი ღამის სცენები ეფექტური იყო და დიდ აღფრთოვანებას იწვევდა მაყურებელთა შორის.
30-იანი წლების დამდეგიდან გახშირდა ორფეროვან, შემდეგ კი სამფეროვან ფირზე გადაღება. ფერადი კინოს სხვადასხვა სისტემებმა, თანდათან გაართვეს თავი ყოველგვარ სიძნელეებს: არაბუნებრივ სიმკვეთრეს, ფერადი გამის ლოკალურობას, ზოგიერთი ფერის (განსაკუთრებით წითლისა და მწვანის) ცუდად გადმოტანას. გზადაგზა შემოქმედებითად ითვისებნენ ფერს: ბრჭყვიალა თვალისმომჭრელი ფერების შეხამება ფერის პასიურმა ნატურალურმა გამოყენებამ შეცვალა. ზოგი (განსაკუთრებით ამერიკელი) რეჟისორი ელვარე, თვალშისაცემ ფერებს ეტანებოდა; სხვანი (მეტწილად იტალიელები) მიიჩნევდნენ, რომ ფერი, ისევე, როგორც ეს ცხოვრებაშია ხოლმე, თვალში არ უნდა ხვდებოდესმაყურებელს.
ფერმა კინოხელოვნების წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაშალა, მაგრამ ხმის მსგავსად არ გამოუწვევია გამომსახველობითი საშუალებათა მთელი სისტემის რევოლუციური გარდაქმნა. ტექნიკური წინსვლის მიუხედავად 21-ე საუკუნეში უსიტყვო კინო და მონოქრომული ფილმები გარკვეულ მიმდინარეობაში კვლავ წარმატებით სარგებლობენ.