“ოქროს კარეტა” და ცარიელი სკამი, კანის კინოფესტივალზე

  11:30:12     26-04-2011

კანის კინოფესტივალზე, ცნობილ ირანელ კინორეჟისორს ჯაფარ ფანაჰის საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ასოციაცია პრემიას გადასცემს. “ოქროს კარეტა” რეჟისორმა საკუთარი აზრის გამოთქმაში გამოჩენილი სიმამაცისა და ხელისუფლებისადმი შეურიგებლობაში დაიმსახურა.

ფანაჰი ცნობილია, როგორც ირანის დღევანდელი ხელისუფლებისადმი მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ხელოვანი. ის თავის კოლეგა, ირანელ რეჟისორ მოჰამედ რასულოვისთან ერთად, 2010 წლის მარტში დააპატიმრეს. საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ფანაჰის ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა და სარეჟისორო მოღვაწეობა ოცი წლით აეკრძალა.

“ოქროს კარეტის” ირანელი რეჟისორისათვის გადაცემის ინიციატივით, ფრანგული კინოაკადემია გამოვიდა. ეს ორგანიზაცია 1968 წელს შეიქმნა და კანის ფესიტივალის ადმინისტრაციული საბჭოს წევრად ითვლება. მისი მიზანია, შემოქმედების თავისუფლების დაცვა. ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს კინემატოგრაფიის განვითარებაში.

დაჯილდოვების ცერემონია 12 მაისს, კანის კინოფესტივალის ჩარჩოებში გაიმართება. ამ დღესვე იქნება ნაჩვენები ფანაჰის ირანში აკრძალული ფილმი “ოფსაიდი”, რომელიც ირანელი ექვსი გულშემატკივარი გოგონას ისტორიას გადმოგვცემს. კინოსურათის სიუჟეტის მიხედვით, მამაცმა გოგონებმა, მამაკაცის სამოსი გადაიცვეს და ასე ცდილობდნენ საფეხბურთო მატჩზე მოხვედრად, მაგრამ პატიმრობაში აღმოჩნდნენ. კანის კინოფესტივალზე, პროტესტის ნიშნად, დაჯილდოვებული ირანელი რეჟისორის სკამი ცარიელი იქნება.