სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

  22:05:05     25-05-2016

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ინფორმაციის თანახმად სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქცნა ცნობილი ბერიანის მკვლელობაში.

შეგახსენებთ, 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, პეკინის ქ-ზე ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი კონფლიქტისას, ლევან კოჭლაშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ამავე მისამართზე მცხოვრებ საბი ბერიანს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ლევან კოჭლაშვილმა აღნიშნულ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ იქნა ცნობილი ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ გაასაჩივრა.

2016 წლის 4 თებერვალს, საბი ბერიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ტრანსგენდერი ქალი -  ბიანკა შიგუროვა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაციით გარდაცვლილი იპოვეს.

ბიანკა შიგუროვას საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.