ვინ არიან კორცხელში მოჩხუბარი "ტურისტები?"

  17:28:20     24-05-2016

22 მაისს, სამეგრელოში, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნებისას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიასა და თენგიზ გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

22 მაისს, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ვწერდით, რომ ამ დაპირისპირების უკან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი ცოლის ძმა თბილისი მერიის სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა ხელმძღვანელი გიორგი არეშეძე იდგნენ.

მართალია, ინციდენტის მონაწილეები თავს სამეგრელოში ჩასულ ტურისტებად ასახელებდნენ, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მათ შორის მოქმედი სპორტსმენები არ იყვნენ, მაგრამ საპირისპიროს მეტყველებს ფაქტები.

კორცხელის დაპირისპირების მონაწილეთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.
ერთ-ერთი მათგანი ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსის გეგა გეგეშიძის ძმა, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების წევრი, ვლადიმერ გეგეშიძე.

დაპირისპირების მონაწილე იყო გეგეშიძეების ბიძაშვილი გიორგი (ჯიჯა) გიგაური, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2012 წელს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში.

კორცხელში აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს პანკრატიონის,გრაპლინგისა და ბეთლვრესლინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კობა ტყეშელაშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა 2012 წლის სინასაარჩევნო კამპანიაში. გარდა ამისა, ტყეშელაშვილის იყო იმ პირებს შორისაც, რომლებიც გარდაბანში, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებისას, შენიღბულები ცდილობდნენ სიტუაციის გამწვავებას.

დაპირისპირებაში ჩართული იყო პროფესიონალურ პანკრატიონში (ბრძოლა წესების გარეშე) ეროვნული ფედერაციის 31 მებრძოლი გრიგორი (გიგა) ტყემალაძე. 

ასევე ნოშრევან წურწუმია, კარატეს ეროვნული ფედერაციის მწვრთნელი და გიორგი იანტბელიძე - კადეტ მოჭიდავეთა ნაკრების მოქმედი მწვრთნელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია, დავით ხორავა, გია ყურუა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი, ვახტანგ წურწუმია, ლევან დემურია - დაცვის სამსახურის, ალგანის თანამშრომელი.

ჩამოთვლილთაგან არცერთი დაკავებული არაა.

დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოუწოდა მიიღონ უმკაცრესი ზომები და ამ ადამიანებს დაკავებული თანამდებობები დაატოვებინონ.