რეზო ჭეიშვილის დაბადების დღე
00:18:49     24-04-2011
1933 წლის 24 აპრილს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი რეზო (რევაზ) ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი.
რეზო ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის ვაჟთა VIII საშუალო სკოლაში. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები ალმანახ "პირველ სხივში" და ჟურნალ "ცისკარში". 1961-1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში რედაქტორად, სასცენო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების ერთ-ერთ ხელმძღვანელად. თანამშრომლობდა ჟურნალებთან "ცისკარი" და "საუნჯე" (მთავარი რედაქტორის მოადგილე).
1987 წლიდან მუშაობდა ქუთაისში ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად. 1987-1992 წლებში დაარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი "მოწამეთა". მერე ჟურნალი "მწვანეყვავილა". მოღვაწეობდა რუსთაველის საზოგადოებაში.
1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. მოღვაწეობდა ლიტერატორთა სახლის პრეზიდენტად და საქართველოს ლიტფონდის თავმჯდომარედ (1992-2000). 1997-98 წლებში, დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, ხელმძღვანელობდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995 წწ.) პარლამენტის დეპუტატად.
რეზო ჭეიშვილი არის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985), ღირსების ორდენის კავალერი. ნაყოფიერი შემოქმედებისათვის მინიჭებული აქვს ჯილდო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია შემდეგი ფილმები: "ექსპრეს-ინფორმაცია” (1993), "მე, პელეს ნათლია!" (1991), "ტურანდოტი” (1989), "ჭა” (1988), "ავტოპორტრეტი” (1987), "ჭიდაობას რა უნდა” (1986), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983 წელი. "ცისფერი მთებს” 1984 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა), "ვერსათრიელა” (1982), “გამოაღეთ ფანჯრები” (1981), "ყვარყვარე” (1978), “სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), “ფედია” (1977), “ბაკულას ღორები” (1976), “ზღვის მგელი” (1972), “გათენების წინ” (1971), "ბზიანეთი” (1968), “ჩემი მეგობარი ნოდარი” (1967), “ზღვის ბილიკი” (1962) და დოკუმენტური ფილმის - "სამი სიმღერა” (1962). იყო პროდიუსერი ფილმისა: "ჯართოსანი” (2009). თვითონ გადაღებულია ფილმში: "გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (მწერალი, 1973).
გამოცემული აქვს არა ერთი წიგნი (ნოველა, მოთხრობა და რომანი): ვაიმე, ჩემო ვენახო (მოთხრობები, 1987), პირველი (მოთხრობები, 1988), თხზულებანი (2 ტომად, 1989), ჩემი მეგობარი ნოდარი! (მოთხრობა, 1990), დალი (რომანი, 1992), ყაჩაღები (რომანი), კუდიანი ვარსკვლავი (რომანი), ყაჩაღები (რომანი 1999), სამი რომანი (2003), რჩეული ნოველები (2003), "ცისფერი მთები (მოთხრობები, 2006) და სხვა.
ყანაძველი
ეს მაშინ იყო, რომ გიძღვნიდი ლექსებს ნაკლიანს,
როცა მომწონდი, წყალზე ნისლის იყო ბრიალი,
და დაბურულში წყლის ნათლია დღე იმ ნაღვლიან
ჭაობს ბწკალავდა ჭვანგიანი ელვის ბწკიალით.
იდგა საღამო, დაშორების ჩამოღამება,
ძველი ყანების ჩაყვითლება, გადაჩალება…
და ჩაუვლელი ჩავლილობის ჩალისფერებში,
ვერდაფარულის დაფარულით ფერისშველება…
წლები ჩამოდნა, ლექსი ისევ ისე მაწუხებს,
ჩამომათოვა, ჩამომთეთრა, წლები წავიდა,
სიტყვები გაქრა, საწუხარი დარჩა წუხილი
და ყოველივე უწუხარი გაწყდა თავიდან.
ახლა იმ ნაქარს რომ ავბურდავ გაიმედებით,
ყვითელ ლელიანს როს გახაზავს ლურჯი ფრინველი,
გამონათდები, წამიერი წავა წამები,
აღარასოდეს გაცხადდები იმ ნაწნავებით…
ხსოვნა მქრქალდება, ფიქრი ისევ აავდარდება,
გარსი ბერდება, შემოდეგი ნაცრისფერდება,
არგასამხელელს ვერ ვიხსენებ, არ მახსენდება,
ის, რაც მახსოვდა – არ კი ვიცი – იყო თუ არა.
…......
ღამე ჩემია, ძილი მაინც
არ დამრჩენია,
თუკი ვიწამე ისევ იგი,
მამავ ჩვენია.
წითელი მკერდით, ზღვისფერ ფრთებით
ოდეს გნახავდი –
არც მიფიქრია, არც მიწერია
თუ მინახავდი.
მოციმციმდი და მოიტანე
ცივი გზავნილი –
ნეტავი მე?! თუ ჩემთვის იყავ გამოგზავნილი…
თუკი ინებებ, გამოგყვები შენი მსტოვარი,
გამიძეხი და დამიტოვე დანატოვარი…
მე ხომ ისედაც დამეწევა შავი მწევარი,
აღარ დარჩება ჩემი ძვალი და ნაწევარი…
წითლით და მწვანით, სიცისფერით აღარ მოგელი –
გიხილე ერთხელ და გიწამე,
როგორც ყოველი…
შენ ცა, მიწა – მე, შენ ცაც, მიწაც,
სიზმრის მთოველი…
მწამს ღმერთი ერთი
მამა ჩვენი, - ყოვლის მპყრობელი…
დრო
დრო ისე წავა და გადასწევს
წამი წინაწელს,
აქედან შენკენ ვერ გააღწევს
თვალის სინათლე,
დაფარულია ზეცის თაღი
შავი ხედებით,
გადაგვავიწყდა ის ოთახი,
არ გახსენდები?
მე მაინც მინდა ისევ მაგ ცით,
სხივ-განთიადით,
მოგონებები გაიცრიცოს რაღაც დიადით.
სული აქაც წუხს, აქაც მასე,
– სულ ფოციალში,
რომელ სფეროზე დაიქანცე
სპექტრის ციალში…
მანძილები კი იზომება პარაკლისებით
არც ჩემი ზომვით
და არც შენი კარგი ლექსებით…
თუ სიზმრისა ვართ და ვიშვენით
სიზმრის ხახაში,
სიზმარში მაინც სავიშვიშოდ
დაგინახავდი…
სიზმრის ვიყავით? სიზმრისაგან
ცხადს თუ მოველი,
მაშინ სადღაა – ვინც ვისგანაც
იშვა ყოველი?!
იფერფლება და ინაცრება
ხსოვნის ძიება,
გამოგონილი დარდიც ხმება ღონისძიებად…
უპატიებელს ის პატიობს –
ვინც ზე ავიდა,
დრო კი ყველაფერს ამარტივებს
თავისთავიდან…
არ გააჩერებს აქ არ დამრჩენს
მძიმე ლანდები,
შემძიმებულსაც არ გაარჩევს
დღე ხვალინდელი...…