ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

  10:49:59     20-05-2016

მედიაში, სოფელ ხურჩაში,  საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროს მიერ მოკლული, გალის რაიონიდან დევნილი, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ოთხოზორია ახლობლებთან ერთად რუსმა ჯარისკაცებმა და მებაჟეებმა მაშინ შეაჩერეს, როცა გალიდან ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ. ოთხოზორიამ სცადა გამოსარჩლებოდა მათ ვისაც საზღვარზე გადასვლისას პრობლემები შეუქმნეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. აფხაზმა მებაჟემ კი ის იქვე მდგარ სასაუზმეში გაიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქართველი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.მეორე ვერსიით კი, გიგა ოთხოზორიას ზუგდიდში მამიდა გარდაეცვალა, დაკრძალისთვის საჭირო პროდუქტები ზუგდიდის ბაზარში შეიძინა, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან კი ის რუსმა მებაჟემ გააჩერა და გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ოთხოზორია ოკუპანტს თანხის ნაწილს მოგვიანებით გადახდას დაპირდა, რამაც ოკუპანტის გაღიზიანება გამოიწვია და ოთხოზორიას მისამართით ცეცხლი გახსნა.

ამ დროისთვის გიგა ოთხოზორიას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, ერთ-ერთი კი თავის არეში (საკონტროლო გასროლა).
1985 წელს დაბადებულ ოთხოზორიას ორი მცირეწოლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. 

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მომხდარ მკვლელობაზე დაწყებულია გამოძიება, უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილის ნათესავებიც. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაცია მომხდარი შესახებ უკვე მიაწოდეს  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის თანათავმჯდომარეებს და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს

 „ეს ცხადყოფს, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო და სრული პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. ჩვენ დავუკავშირდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და სწავლობენ სიტუაციას. მე, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, მქონდა სატელეფონო საუბრები სამივე თანათავმჯდომარესთან, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და ასევე ჟენევაში, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან, ისინი საქმის კურსში ჩავაყენე და მოვთხოვე მათი მხრიდან რეაგირება“,-განაცხადა საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუამ.