ჯერარდ სმიტი და გაუქმებული კონცერტები

  11:16:58     22-04-2011

ამერიკული ჯგუფის “TV on the Radio“ – ს ბას-გიტარისტი ჯერარდ სმიტი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალური საიტი იუწყება. როგორც ცნობილია, მუსიკოსი კიბოთი იყო დაავადებული.

 

ჯერარდ სმიტის ავადმყოფობის შესახებ ჯგუფმა 2011 წლის მარტში განაცხადა. კერძოდ, აღინიშნა, რომ მკურნალობის კურსის გამო, სმიტს არ შეეძლო მონაწილეობის მიეღო საგასტროლო ტურში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ალბომ “Nine Types of Light” – ის მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო. ალბომი 11 აპრილს გამოვიდა.

 

ამჯერად, “TV on the Radio” – მ, მეგობრის და ჯგუფის წევრის გარდაცვალების გამო, უახლოესი ხუთი კონცერტი გადადო, რომელიც დეტროიტში, ჩოკაგოში, მინეაპოლისში და დენვერში, 20-დან 26 აპრილამდე პერიოდში იგეგმებოდა. ჯგუფის სამომავლო გეგმებზე, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.