ბენ აფლეკი “დიდ გეტსბის” “გაემიჯნა”
11:51:41     21-04-2011
ბენ აფლეკი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის “დიდი გეტსბის” ეკრანიზაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ინფორმაციას “დედლაინი” ავრცელებს.
როგორც მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რეჟისორმა ბაზ ლურმანმა მსახიობს ფილმში როლი შესათავაზა. მაშინ უკვე გარკვეული იყო ის, რომ “დიდი გეტსბის” გადაღებები ავსტრალიაში, 2011 წლის აგვისტოში გაიმართებოდა. უახლესი ინფორმაციით კი, აფლეკი საკუთარი პროექტის, “არგოს” განხორციელებას გეგმავს, რომელზეც ის რეჟისორის ამპლუაში იმუშავებს.
რომანი “დიდი გეტსბი” პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა. წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე ცნობილი, კინოეკრანებზე 1974 წელს გამოვიდა.
ბაზ ლურმანმა წიგნის ეკრანიზაციის უფლება 2008 წელს მოიპოვა. როლებზე უკვე დათანხმდნენ ლეონარდო დი კაპრიო, კერი მალიგანი და ტობი მაგუაირი. ფილმი ეკრანებზე 2012 წელს უნდა გამოვიდეს.