„ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება" - რას აცხადებენ ექსპერტები?

  13:09:14     20-04-2016

"ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია. თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვიდა, ბუნებრივია, რომ  ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული", - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ხიდაშელის თქმით,თავდაცვის სამინისტროში ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამას ახლა საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

მინისტრმა 2017 წლიდან ჯარში გაწვევის ნებაყოფლობითი სისტემის ამოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

რამდენად რეალურია ახლო პერსპექტივაში ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება და მისი უფრო ეფექტიანი გზით ჩანაცველება, ამის შესახებ presa.ge-სთან სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა ისაუბრა.

- სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებდა, რომ სავალდებულო გაწვევა 2016 წლიდან აღარ იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა საუბარი 2017 წელზეა, თუმცა არავინ იცის მანამდე რა მოხდება. 

დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახური საერთოდ დეგრადირებულია. მის არსებულ სახეს სერიოზული რეფორმა სჭირდება, თუმცა იმის თქმა რომ აუცილებლად გასაუქმებელია, ძალიან საკამათოა. 

- რა სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს სავალდებულო გაწვევა?

უნდა ამოქმედდეს რეზერვის ეფექტიანი სისტემა, რაზეც დღესაცაა საუბარი. გამოკვეთილია აბოსლუტურად სწორი მიმართულებები, მაგრამ ამას სჭირდება დრო და დიდი თანხა ასამოქმედებლად.

თუ ამოქმედდა ის ახალი სისტემა რაზეც დღეს საუბარია, ანუ სამი მიმართულებით - საარმიო, ტერიტორიალური და სპეციალისტების რეზერვი, მაშინ ეს ბევრად გააუმჯობესებს სიტუაციას.

აქ საინტერესოა ერთი ნიუანსიც. შეიძლება თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება სურს, მაგრამ შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს ცოტა განსხვავებული აზრი აქვთ. მათ ჰყავთ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები და ამ ჯარისკაცებს ინტენსიურად იყენებენ.

საჭიროა სახელმწიფო დონეზე იქნეს მიღწეული საერთო შეთანხმება.