ლაშა პაპაშვილი ერთოთახიანი ბინების აკრძალვას ითხოვს

  10:23:00     05-04-2016

ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა პაპაშვილი რადიო კომერსანტთან საუბრისას აცხადებს რომ თბილისში ერთოთახიან ბინებზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

პაპაშვილი ერთოთახიანი ბინების სასწრაფოდ აკრძალვას ითხოვს, რომელიც მისი თქმით, ქალაქში ყველაზე კარგად იყიდება.

მაინც რამ აიძულა შევარდნაძის წყალობით გაბიზნესმენებულ პაპაშვილს ასეთი უცნაური განცხადება გაეკეთებინა?

„...აღარ სჭირდება ქალაქს ამდენი საცხოვრებელი. შეზღუდვა უნდა  იყოს ერთოთახიან ბინებზე, რომელიც ყველაზე კარგად იყიდება. ვიცით, რომ ღარიბი ქვეყანაა და არ უნდა წამოვაგოთ ჩვენი მოქალაქეები,  ერთ სადარბაზოში 80 ბინა რომ იქნება, დამღუპველია, მისი ფასი ვარდება.  

ამგვარი განაშენიანება დასავლეთში აკრძალულია და კანონი კრძალავს. ყურადღება მისაქცევია.

მე მგონი შემოიღებენ ამგვარ შეზღუდვებს, უკიდიურესად საჩქაროა. ჩვენ აღარ ვაკეთებთ საცხოვრებელს. მეათე წელია ამ ბიზნესში ვართ და არცერთი არ გაგვიკეთებია, უფრო ბიზნეს ცენტრებს ვაკეთებთ,  იმიტომ რომ უნდა შევინარჩუნოთ აქტივების ღირებულება.

ყველა, ძალიან ღარიბ ადამიანსაც კი რაღაცა დანატოვარი უძრავი ქონება გააჩნია და ხომ გვინდა ამას ფასი მოემატოს, ასე თუ წავიდა, უფასურდება ყველაფერი.

ყველა სახლი, რაც კი შენდება დღეს, ამ ქალაქში  მინიმუმ 30%–ით ჩამოფასებული იქნება მსოფლიოს ნებისმიერი აუდიტორის მიერ.  არ არსებული ინფრასტრუქტურის და განაშენიანების გამო.

ასეთი ინტენსიური განაშენიანება  არ უნდა იყოს, ერთ სადარბაზოში არ უნდა მოიყაროს თავი ასობით მოქალაქემ. ბათუმსაც იგივე ემუქრება. აღარაფერს ვამბობ მშენებლობის ხარისხზე, რაც დამღუპველია და საუკუნოვან პრობლემად რჩება ამ ქალაქისთვის“.

ვინ არის ლაშა პაპაშვილი?

მილიონერმა პაპაშვილმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შევარდნაძის კორუმპირებულ სისტემაში დააგროვა. ის, ბიზნესმენად ძმის, ედუარდის დაცვის უფროსის - სულხან პაპაშვილის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

სწორედ ძმის კარიერასა და პრეზიდენტ შევარდნაძის დამპალ ეპოქას უნდა უმადლოდეს ბატონი ლაშა, დღეს რომ „ღარიბებზე საუბრობს“, „მდიდარი კაცის“ პოზიციიდან.

წარმოიდგინეთ, პაპაშვილის ლოგიკით, ქალაქს აღარ სჭირდება ერთოთახიანი ბინები, თუმცა, რატომღაც მაინც ყველაზე კარგად იყიდება... ე.ი. რაც ქალაქს არ სჭირდება, სწორედ ის იყიდება ყველაზე კარგად.

და ვინ არის ქალაქი? ლაშა პაპაშვილი? ან რატომ არ სჭირდება ქალაქს ის, რაც ყველაზე კარგად იყიდება?

თუმცა, ბატონ ლაშას მაინც თავისი „სიბრძნე“ აქვს: „მე მგონი შემოიღებენ ამგვარ შეზღუდვებს“...