ათეულობით დაღუპული და დაჭრილი - ყარაბაღში ომია
21:47:04     02-04-2016
მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის არმია ერთმანეთს მძიმე არტილერიითა და ავიაციით უტევს. მთიანი ყარაბაღიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები
ვრცელდება.
რუსული მედია იუწყება, რომ დაპირისპირებული მხარეები მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხური
მხარის განცხადებით, საარტილერიო და საავიაციო შეტაკებები დღეს დილით
დაიწყო. ერთი ყუმბარა ყარაბაღის ერთ-ერთ სკოლასთან ჩამოვარდა, რომლის
შედეგადაც, სკოლის შენობა განადგურდა. აფეთქებისა და ნგრევის
შედეგად, 13 წლის სომეხი მოსწავლე დაიღუპა, ხოლო ოთხი დაჭრილი მოზარდი
შოკური მდგომარეობით კლინიკაშია მოთავსებული.
აზერბაიჯანული მხარე
კი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში მძიმე არტილერიითა და
ავიაციით შეტევა სომხურმა მხარემ დაიწყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2 აპრილის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მოწინავე პოზიციები და კონფლიქტის ზონაში არსებული დასახლებები დაბომბა.
ბრძოლის დროს 12 აზერბაიჯანელი სამხედრო პირი დაიღუპა და ერთი ვერტმფრენი განადგურდა. ასევე, გარდაცვლილია 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო მოსამსახურე.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის არმიამ ელვისებური კონტრშეტევით მტრის პირველი ხაზი გაარღვია, მთლიანად გაათავისუფლა რამდენიმე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სამხედრო სიმაღლე და დასახლებული პუნქტი. ასევე, გათავისუფლებულია სოფელ ტალიშის მიმდებარე სიმაღლეები და დასახლებული პუნქტი სეისულანი.
ამ დროისთვის აზერბაიჯანელი სამხედროები გათავისუფლებულ ტერიტორიებს იკავებენ.
სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სომხური მხარის დანაკარგი 18 ჯარისკაცს შეადგენს, დაჭრილია 35 ადამიანი."1994 წლის შემდეგ, ზავის დადებიდან დღეს ეს ყველაზე ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებებია, რომელიც გადაწყვიტა განახორციელოს აზერბაიჯანმა. სომხეთის ძალების დროული მოქმედებების დამსახურებით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ვითარების კონტროლის ქვეშ აღება, არამედ მოწინააღმდეგისთვის არსებითი დანაკარგების მიყენება", - განაცხადა სარგსიანმა.