მაგდა პაპიძე: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

  13:16:30     31-03-2016

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, – აღნიშნული განცხადება შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დღევანდელ პროცესზე გააკეთა.

პროცესზე მაგდა პაპიძის ადვოკატები ბრალდების მხარის მტკიცებულებების გარკვეული ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ.

კერძოდ, 2015 წლის 20 დეკემბრის ოქმი, მტკიცებულებათა გახსნის და შემდეგ დალუქვის ოქმი, ურო და უროზე ჩატარებული ბიოლოგიურ- გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რვეულის ამოღების ოქმი, რომელსაც თან ერთვის ჩანაწერები.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. არსებული ინფორმაციით, მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.