მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

  22:43:05     30-03-2016

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 

წინასასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე ბადრი შონია იქნება.

მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებული დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

შსს–ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემდეგ მაგდა პ–მ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აცხადებენ შსს-ში.