ვაჟა-ფშაველა: "ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაცი ძლიერ უფრთხის ოცნებას..."

  00:03:00     16-03-2016

გთავაზობთ ამონარიდს ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან "ფიქრიანი":
,,კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. სამართლით რომ ვსთქვათ, ენა უფრო ცოდვიანია ფიქრზე; ფიქრს რა ცოდვა აქვს, მანამ საქმედ არ გადიქცევა? არაფერი. შემწყვდეული ერთს ძვლის კოლოფში, ფიქრი ფიქრობს თავისთვის, ჩუმად. კაცის ფიქრი, კოწიწობს, რაღაც კოშკებს აშენებს, მემრე ისევ არღვევს. რადგან ენა მყვირალაა, კიდეც იმიტომ არის იმის ყვირილის სამზღვრად გალავნები გაკეთებული: ამას იქით ნუ გადააბოტებ, ენავ, თორემ „დაშავდებისო“. ფიქრისთვის კი ჯერ მიჯნები არავის დაუნიშნავს: ის თავის საქმეს ჩუმ-ჩუმად აკეთებს…

ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიაც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. მე თითონაც მინახავს უსაქმო, ოცნებიანი ადამიანი უზრუნველად ტახტზედ გადაშხლართული, ორივე ხელები კისერზე მოუხვევია და შესჩერებია ჭერსა, იქ აცეცებს ამღვრეულს თვალებს. ნეტავი, ლუარსაბივით ბუზებს მაინცა სთვლიდეს, ეს, რაც უნდა იყოს, საქმეა. არა, ის თუმცა ჭერს უცქერის, მაგრამ თავისივე ფიქრით, თავისს ფიქრს დასჩერებია და ამბობს: იჰ, იჰ, რა ლამაზი ფიქრები მიტრიალებს თავშიო!..

ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, – უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება – ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე – საქმეს აცდენს. ფიქრიანი კაცი მხოლოდ ფიქრობს და მაგრადაცა ფიქრობს. რას ფიქრობს? – ჰმ!.. განა ცოტა რამ არის საფიქრებელი ქვეყანაზე! ნაბიჯს ვერ გადასდგამ, რომ ფიქრი არ იყოს საჭირო.
დიაღ, ფიქრიანი, მოსაზრებიანი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, რაც კი რამ ცხოვრებაში ხდება: არაფრისათვის არც თვალებს, არც გონებას არ ზოგავს, ოღონდ კი სიმართლე, სინამდვილე შეიტყოს, თავისა და ქვეყნის სასარგებლო რამ გაიგოს; ეძიებს მიზეზს, უკვირდება რა შედეგს..."