არომატული ფუნთუშა დარიჩინით, ნიგვზითა და ბანანით - უგემრიელესი დესერტი
23:24:23     14-03-2016
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ჭიქა რძე;
120 გ. კარაქი;
1 პაკეტი მშრალი საფუარი;
½ ჭიქა შაქარი;
3 ჭიქა ფქვილი;
2 ც. საშუალო ზომის ბანანი;
1 ს.კ დაფხვნილი დარიჩინი;
½ ჭიქა დაფხვნილი ნიგოზი;
მარილი.
მინანქარის(გლაზურის) მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
3 ს.კ კარაქი;
2 ს.კ ადუღებული რძე;
1 და ¼ შაქრის პუდრა.
მომზადება:
ჩაასხით რძე ჯამში, დაამატეთ 3 ს.კ შერბილებული კარაქი და დადგით გასაცხელებლად. ყურადღება მიაქციეთ, რათა რძე არ იყოს ძალიან ცხელი. მოაყარეთ საფუარი რძის ზედაპირს, გადააფარეთ ჯამს პირსახოცი და დაელოდეთ, სანამ საფუარზე ბუშტუკები არ გამოჩნდება(დაახლოებით 10 წთ.). დაამატეთ შაქარი და მოურიეთ;
დაამატეთ მასას 1 ჭიქა ფქვილი და აურიეთ ხის კოვზით ან მიქსერით. დაამატეთ 1 ბანანისგან გაკეთებული პიურე, თავიდან აურიეთ და ნელ-ნელა ჩაამატეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი გამოვა საკმაოდ წებოვანი. მოათავსეთ იგი ფქვილმოყრილ დაფაზე და მოზილეთ იქამდე, სანამ არ გახდება ელასტიური;
ცომი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ ფქვილი, დააფარეთ რამე და დადეთ თბილ ადგილას, დაახლოებით 1 საათით. ამ დროის განმავლობაში იგი უნდა გაფუვდეს 2-ჯერ. გაადნეთ დარჩენილი კარაქი;
გაფუებული ცომი გააბრტყელეთ, დაახლოებით 1,5 სმ. სისქეზე და წაუსვით გამდნარი კარაქი;
გაბრტყელებულ ცომს მოაყარეთ ნიგოზი, ხოლო დარჩენილი ბანანი დაჭერით თხელ რგოლებად და მოათავსეთ სიგრძეზე, რამდენიმე რიგად;
ცომი რულეტივით გაახვიეთ;
გაყავით მიღებული რულეტი დაახლოებით 8 თანაბარ ნაჭრად
ნაჭრები მოათავსეთ კარაქწასმულ ფორმაზე და ცოტა ხანი დატოვეთ, რათა უფრო კარგად გაფუვდეს, სანამ ღუმელს გააცხელებთ;
ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ხოლო ნაჭრები მოათავსეთ ღუმელის შუა ნაწილში, 40-45 წუთით, სანამ არ შეოქროსფერდება. გამოიღეთ ფუნთუშები ღუმელიდან და დადგით ცოტა ხანი გასაციებლად;
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
გაადნეთ კარაქი, დაახლოებით 3 წუთით დადგით ცეცხლზე, იქამდე მოურიეთ, სანამ ოქროსფერ-მოყავისფრო ფერს არ მიიღებს, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას. ჩაამატეთ კარაქს რძე და შაქრის პუდრა და კარგად ათქვიფეთ. თუ ნაზავი ზედმეტად თხევადი მოგეჩვენათ, დაამატეთ პუდრა, თუ პირიქით - მაშინ ცოტა რძე ჩაამატეთ.
მოასხით მინანქარი ფუნთუშებს და გემრიელად მიირთვით!
იხ. ფოტო: