რუსეთის გენშტაბი საქართველოზე კონტრშეტევისთვის ემზადება
14:15:41     16-08-2010
რუსეთის არმიის სამხრეთის მიმართულების სარდლობა საქართველოზე კონტრშეტევისთვის ემზადება და ამისთვის ახალ წყალქვეშა ნავებსა და სარაკეტო სისტემებს იმარაგებს.
გადაწყვეტილება „სამხრეთის“ გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობის გაძლიერების შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ტექნიკის მოდერნიზება და ხალი საორგანიზაციო სტრუქტურა სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ სამხედრო ნაწილებს და სამხედრო ტექნიკას საქართველოს მიერ განხორციელებულ ახალ აგრესიაზე დაუყოვნებლივ რაგირების შესაძლებლობას მისცემს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ჟურნალ „ნაციონალური თავდაცვის“ რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ადასტურებს.
ივლისის დასაწყისში, რუსეთის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა განცხადება, რომ 6 სამხედრო ოლქის შემცირების და მათ ნაცვლად 4 სამხედრო-სტრატეგიული სარდლობის ფორმირების პროცესი 1 დეკემბრისთვის დასრულდება.
მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქები დასავლეთის სარდლობაში გაერთიანდება. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის საფუძველზე სამხრეთის სარდლობა შეიქმნება. ვოლგისპირეთისა და ურალის, ასევე ციმბირის სამხედრო ოლქის დასავლეთ ნაწილი ცენტრალურ სარდლობას დაექვემდებარება.
შორეული აღმოსავლეთის ოლქი და ციმბირის სამხედრო ოლქის აღმოსავლეთ ნაწილი კი, აღმოსავლეთის სარდლობას დაექვემდებარება.
სამხრეთის სარდლობის დაქვემდებარებაში შევა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი, შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სომხეთის ქალაქ გიურმში განლაგებული რუსეთის 102-ე ბაზა, ასევე რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
რამდენიმე დღის წინ, პერსპექტიული შეიარაღებული ძალების ფორმირების თემაზე გამართულ თათბირზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განკარგულება გასცა, სამხედრო მართვის ახალი სისტემის შესაქმნელად საჭირო ყველა ზომა უმოკლეს ვადებში მიიღონ.
იგორ კოროტჩენკო აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის ახალი სახის ფორმირებისას რეალიზებული პრინციპული გადაწყვეტილებებისას ყველა ის შეცდომა გაითვალისწინეს, რომელიც რუსეთ-საქართველსო ომის დროს იყო დაშვებული.
ცვლილებები შევიდა არმიის მართვის სისტემაში, მუდმივი მზადყოფნის ბრიგადების ფორმირების წესში, რომელიც პირადი შემადგენლობითა და შტატიანი სამხედროებით დაკომპლექტდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზურგის უზრუნველყოფის ახალი სისტემის ფორმირებაც გადაწყვიტა. სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი არმიის უზრუნველყოფით, სამხედრო-საბრძოლო მოქმედებებით და სხვა ყველა იმ სამხედრო ღონისძიების გატარებით დაკავდება, რომელიც შეიარაღებისა თუ სამხედრო ტექნიკის მიღებასა და ექსპლუატაციას უკავშირდება.
გადაწყდა, რომ შესყიდვები გამოვა ზურგის სამსახურის, ასევე შეიარაღების სამსახურის ხელმძღვანელთა დაქვემდებარებიდან და მასზე პასუხს მიმართულების ახალი ხელმძღვანელი აგებს.
იმისთვის, რომ სამხრეთის სარდლობამ სამხედრო მოქმედებებს კონტრდარტყმით დაუყოვნებლივ უპასუხოს, შეიარაღებაში მყოფი სამხედრო ტექნიკის მოდერნიზება და ღამის ბრძოლების წარმოებისთვის მისი ადაპტაცია მოხდება.
სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთების ფარგლებში გამოიყოფა საჭირო სახსრები სტრატეგიული მართვისა და ტაქტიკური ბმის მართვაში ავტომატური სისტემების დასანერგად.
2014 წლისთვის იგეგმება ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული სახმელეთო ძალების და სახმედრო ტექნიკის, ასევე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული ბაზების გადაიარაღება.
შედეგად, სამხრეთის გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობის ჯარების ახალი იარაღით დაკომპლექტების დონე 10%-დან 30%-მდე გაიზრდება.
შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს ახალი, დიზელზე მომუშავე, 636-ის პროექტის წყალქვეშა ნავებით გააძლიერებენ. ისინი მაღალი სიზუსტის იარაღით „ქლაბ-S“-თი აღიჭურვებიან, რომლის ამოცანაც სამიზნეების ხმელეთზე განადგურებაა.
რუსეთის სარდლობის განმარტებით, ახალი ქართული აგრესიის შემთხვევაში ეს, მათ საშუალებას მისცემს სამხედრო ინფრასტრუქტურის სტრატეგიული ობიექტები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მინიმალური ზარალით გაანადგურონ.
რუსეთის არმიის ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული სამხედრო დაჯგუფების დარტყმის შესაძლებლობები შესაძლოა შეიარაღებაში კონტეინერული სარაკეტო კომპლექსის „ქლაბ-K“-ს დამატებითაც გააძლიერონ, რომელიც საავტომობილო ან სარკინიგზო პლატფორმებზე განთავსდება.