კოკოითი და ოსი “პატრიოტები”
12:16:49     03-07-2010
მართლაც რომ ცოტა სჭირდება ადამიანს სიხარულისათვის. ცოტა ხნის წინ, რუსული ფიჭური სატელეფონო კომპანია - “ბილაინიის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – საქმიანობას არ აპირებს და მათ სადავო ტერიტორიებად მიიჩნევს. ეს განცხადება იყო და საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს წრეებში დაიწყეს ერთგვარი “სამადლობელო” კომენტარების კეთება “ბილაინის” მისამართით. გაისმა ერთგვარი მოწოდებებიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთაღნიშნული კომპანიის ამგვარი საქციელის გამოისობით, ჩვენ ყველა “ბილაინის” ქსელზე უნდა გადავერთოთ. ამ ყველაფერში ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქართული მოსახლეობა მხოლოდ ირონიით გაჯერებულ კომენტარებს აკეთებს.
ვასილ ჯავახიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “განა ცუდია ის, რომ “ბილაინმა” სეპარატისტებთან ურთიერთობაზე უარი თქვა? ძალიანაც კარგია, მაგრამ გაგეცინება კაცს, ისეთი ამბავი ატეხეს და ამით საერთოდ რამე იცვლება? ძალიან უცნაური ხალხი ვართ ეს ქართველები. ერთი პატარა ამბის გამო შეიძლება ვინმე ცაში ავიყვანოთ და მეორე დღეს, ისევ იმას დავუწყოთ გინება. რუსები ახლა ისევ ისე დგანან თავიანთ ბლოკ-პოსტებზე და გასვლას ნამდვილად არ აპირებენ. ის კი არა, დარწმუნებით გეტყვით, რომ რუსების რაოდენობა ამ თვიდან კიდევ უფრო გაიზრდება. სულ ახალ-ახალი რუსული სამხედრო ძალები შემოდიან ჩვენს რეგიონში”.
კითხვაზე – “არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მისი კომპანია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაიწყებს ფუნქციონირებას?” – “ბილაინის” ვიცე-პრეზიდენტი ასე პასუხობს: “ჩვენ დღეისათვის ბიზნესს ვაწარმოებთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ ვართ, იმის გამო, რომ დღეისათვის ეს ტერიტორიები სადავო ტერიტორიებია”.
ახლა, სხვა და არ გეგონოთ რაიმე შეცდომით ვწერთ: ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა სახელწოდებით “სამხრეთ ოსეთი. მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში”. საქართველოში ბევრი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდული ბანაკები კავკასიაში საქართველოს ხელისუფლების ნოვაცია იყო, თუმცა ძალიან შევმცდარვართ. ნაციონალურ მოძრაობას არ მეტი, არც ნაკლები, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა მიბაძა და ჩვენ სულ მალე ოსი “პატრიტების” მხილველნი გავხდებით.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერის, ედუარდ კოკოითის მიწვევით რუსი ახალგაზრდების ჯგუფი იქ უკვე ჩავიდა.
რუსეთიდან ცხინვალში ჩამოსულია 50 სტუმარი. ისინი რუსეთის ოთხი პარტიის – “ედინაია როსია”, “ლიბერალ-დემოკრატიული პარტია”, “კომუნისტური პარტია” და პარტია “სპრავედლივაია როსია”-ს ახალგაზრდობას წარმოადგენენ. ამას გარდა, ბანაკში ასევე ჩამოსული არიან რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც ხედავთ, არც ისე შორია იმ დრომდე, როდესაც ცხინვალში “პატრინოტის” კონკურსის ოსური ვარიანტი გაიმართება და სადაც ოსი ეროვნების “ლექს-სენი” პატრიოტების ჰიმნს დაწერს.
გიორგი შანიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ეს ბანაკებიღა აკლდა კოკოითს სრული ბედნიერებისათვის. ცხინვალში ახალგაზრდობა აღარ დარჩა და ვისთვის უნდა გააკეთონ ეგ ბანაკები, ძალიან მაინტერესებს. ალბათ ბავშვებს ვლადიკავკაზიდან ჩამოიყვანენ და ისინიც თუ ჩამოვლენ, ეგეც გამიკვირდება. კარგი დასასვენებელი ადგილები როგორ არ არის ჯავისაკენ, მაგრამ თუ რამე სასტუმრო და სანატორიუმი იყო, ყველაფერი დაშალეს და აგურ-აგურ გაყიდეს. კარვებში თუ იცხოვრებენ, სხვა საქმეა”.