ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხში დაჭრეს
14:24:38     26-02-2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს ახლომდებარე კორპუსების მაცხოვრებლებმა შეატყობინეს.
შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.