ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი შესაძლოა შურისძიება გახდა

  22:58:57     22-02-2016

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე, რომლის შედეგადაც მოკლულია 35 ქალი და დამწვარია მისი 3 წლის შვილი, გამოძიება შესაძლოა შურისძიების მოტივს განიხილავდეს.

ცოტა ხნის წინ შსს-მ "რუსთავი 2"-ს დაუდასტურა, რომ ძარცვის ვერსია ოფიციალურად გამოირიცხა, რადგან ფული და ოქროულობა შემთხვევის ადგილზე ხელუხლებელია.

დღეს დღის 12:00 საათზე ფონიჭალაში ადგილობრივებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ყელგამოჭრილი ქალი და მისი 3 წლის შვილი იპოვეს, რომელიც დამწვარი იყო.

როგორც ცნობილია მოკლული ქალის მეუღლე ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება, თუმცა ის არც ეჭვმიტანილი და არც ბრალდებული არ არის. ცოლ-ქმარს კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ, რომელიც მკვლელობას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სკოლაში იყო.

ჯერჯერობით უცნობია სასტიკი დანაშაულის ჩადენის ზუსტი მოტივი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფონიჭალაში დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ განსხვავებული ვერსიები ვრცელდება.

2030.news-ის ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრებ რამდენიმე პირს ესაუბრა. ორი მათგანი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, დედამ, 35 წლის ქალმა თავი მოიკლა, ბავშვის, 3 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზზე კი არაფერი იციან.

კიდევ რამდენიმე პირის ინფორმაციით, მათ საცხოვრებელი კორპუსის იმ ბინიდან კვამლი შენიშნეს, სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს.

ზემო ფონიჭალაში დღეს დედა-შვილი, 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით არის ჩადენილი, თუმცა შსს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ყაჩაღობა დიდი ალბათობით გამორიცხულია“, რადგან ფული და ძვირფასი ნივთები სამართალდამაცვებმა ბინაში იპოვეს.