იყო თუ არა მაგდა პაპიძე ორსულად? – ,,ამ თემაზე საუბარი სასტიკად აგვიკრძალეს…“
22:25:59     15-02-2016
როგორც მოსალოდნელი იყო, მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის მოსმენა სასამართლოში მარტის ბოლომდე გადაიდო. სავარაუდოდ, ეს ის დროა, როცა სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული ექსპერტიზა დასკვნებს წარმოადგენს. იმის შესახებ, რომ ეს დასკვნები ჯერ არ იყო და, შესაბამისად, სულ ტყუილად ეყრდნობოდა პაპიძის ოჯახი არარსებულ დოკუმენტებს სკანდალური განცხადებების კეთებისას...
ამჯერად ერთ მთავარ თემაზე გვინდა შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება – იყო თუ არა მაგდა პაპიძე 3 თვის ფეხმძიმე, როცა მას პოლიციაში აწამებდნენ და ამის შედეგად მან ბავშვი დაკარგა?
ამ ინფორმაციის სიმართლეში გარკვევა რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი და მთავარი მათ შორის არის ის, რომ მიუხედავად დანაშაულის კვალიფიკაციის სიმძიმისა, სამართალდამცველს ყველაზე მეტად აქვს თმენის ვალდებულება და თუ მსგავს ძალადობას მართლაც ჰქონდა ადგილი, ის ისეთივე კრიმინალია, როგორადაც მას მიაჩნია ბრალდებული, ვისაც აწამებს…შესაბამისად, ამ ვერსიის დადასტურება, ცხადია, პირველ რიგში, იმ მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომელიც წამების მსხვერპლად მიიჩნევს თავს…
ბუნებრივია, ყველაზე ეჭვიანებს მაშინვე გაუჩნდათ კითხვა – თუ მართლა არსებობდა ფეხმძიმობის ფაქტი, ოჯახს მტკიცებულების სახით შეიძლებოდა წარმოედინა თუნდაც ექოსკოპიის ჩანაწერი. თუმცა, ადვილად დასაშვებია, რომ ასეთი არ არსებობს, რადგან ამ პასუხის აღებას ქალბატონები ხშირად აჯანჯლებენ ხოლმე…
რაკი დასახელდა საავადმყოფო, სადაც, პაპიძის ოჯახის წევრების თქმით, ბრალდებული დაზიანებებით მიიყვანეს, ჩვენც, პირველ რიგში, მას მივმართეთ. პასუხი კი ასეთი იყო: ინფორმაციას ბრალდებულის თანხმობის გარეშე ვერ გასცემდნენ…
შემდეგი ნაბიჯი იყო ადვოკატის მისამართით, რომელმაც, ჩვენდა გასაკვირად, უარი განგვიცხადა მაგდა პაპიძისგან თანხმობის მიღებაზე ამ ინფორმაციის დასადასტურებლად…
„პრაიმტაიმი“ პაპიძის დასაც დაუკავშირდა, რომელიც ზედიზედ ორი დღის განმავლობაში აუწყებდა ძალიან ფართო აუდიტორიას, რომ მაგდა 3 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც დააკავეს და დიღმის პოლიციის განყოფილებაში ორსულს სასტიკად გაუსწორდნენ. ამ ორი დღის განმავლობაში მისთვის არავის არაფერი აუკრძალავს, თუმცა როდესაც მას „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად, მშრალად გვიპასუხა: „მე და დედაჩემს სასტიკად აგვიკრძალეს ამ თემაზე ინტერვიუს მიცემა მაგდამაც და ადვოკატმაც“…
მოგეხსენებათ, ალტერნატიული ექსპერტიზის შესახებ დღეს ყველამ იცის და როდესაც მსგავსი ძალადობის ფაქტები ხდება, მათ ხშირად მიმართავენ ხოლმე. ასეთ მოქმედ ექსპერტებსაც მივმართეთ კითხვით, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათთვის არავის შეუთავაზებია ბრალდებულის დაზიანებების დათვალიერება…
რაკი ბრალდებული საკანში მხოლოდ პოლიციელებმა, გამომძიებელმა, ადვოკატმა, დამ და სახალხო დამცველმა მოინახულეს, ცხადია, ისღა დაგვრჩენოდა, პასუხი სწორედ სახალხო დამცველისგან მიგვეღო.
სხვათა შორის, ამას წინათ, უჩა ნანუაშვილი ჩემი კოლეგის კითხვას – შეხვედრის დროს მაგდა პაპიძემ თქვენს წარმომადგენლებს თუ უხსენა ბოთლის დეტალი, ან ის, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა, – ასე უპასუხა: „პაპიძეს მსგავსი რამ არ უხსენებია. ამბობდა, რომ მწამებლების ამოცნობა შეუძლია. სხვა დეტალები ჩვენც ტელეეთერით შევიტყვეთ“.
„პრაიმტაიმმა“ დეტალების დასაზუსტებლად კვლავაც მიმართა სახალხო დამცველის აპარატს. ინტერვიუ უჩა ნანუაშვილის მოადგილისგან, ნათია კაციტაძისგან ავიღეთ. ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ შედგა, საიდანაც მკითხველი დასკვნებს თავად გააკეთებს. ამიტომაც სრულ სტენოგრამას გთავაზობთ:
– სატელევიზიო შოუების შემდეგ, როდესაც მაგდა პაპიძის ოჯახის წევრებმა, სავარაუდოდ, თქვენთვისაც ახალი ინფორმაცია გააჟღერეს ბრალდებულის ფეხმძიმობის შეწყვეტის შესახებ, რა რეაგირება მოახდინა სახალხო დამცველის ოფისმა?
– ჩვენ, რა თქმა უნდა, მაგდა პაპიძე მაშინაც მოვინახულეთ, როდესაც ის დააკავეს და მას შემდეგაც, რაც ეს ახალი ინფორმაციები მედიაში გაჟღერდა. კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებითაც გვქონდა მასთან საუბარი, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალებზე, სამწუხაროდ, ვერ გესაუბრებით, რადგან თვითონ არ მოგვცა თანხმობა, რომ ამაზე ვისაუბროთ. თუმცა წერილობით შევადგინეთ ოქმი მასთან გასაუბრების, მაგრამ ამ ოქმში მან ცალსახად თანხმობა არ დაგვიფიქსირა. გვითხრა, რომ არ უნდა ამ ეტაპზე დეტალების გახმაურება. ამასთანავე, ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას გამოვითხოვთ როგორც პროკურატურიდან, ისე საავადმყოფოდან და, ასევე, ექსპერტიზის ბიუროდან. თქვენ იცით, რომ ექსპერტიზა დანიშნული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით… ამ დოკუმენტების გამოთხოვაზე მან თანხმობა მოგვცა.
– რაკი ამბობთ, რომ რაღაც არ უნდა გააჟღეროთ, გამოდის, რომ მან ფეხმძიმობის თაობაზე ინფორმაცია დაგიდასტურათ…
– სამწუხაროდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ფაქტს, რადგან თვითონ გვითხრა, რომ ამაზე არ ვისაუბროთ…
– ღუდუშაურის საავადმყოფოს ამ კითხვით მიმართეთ?
– ჩვენ თვითონ ღუდუშაურიდან არ გამოვითხოვთ ამ დოკუმენტებს… გამოვითხოვთ ექსპერტიზის ბიუროდან (რამდენიმე სტრიქონით ზემოთ თქვენ წაიკითხავდით: „ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას გამოვითხოვთ როგორც პროკურატურიდან, ისე საავადმყოფოდან და, ასევე, ექსპერტიზის ბიუროდან…“ – მ.ნ.)…
– ექსპერტიზა ხომ მხოლოდ დაზიანებებზე ჩატარდა, სანამ ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდებოდა…
– არა, ზოგადად, ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არის დანიშნული ექსპერტიზა, რამდენადაც ვიცით… თუმცა არ ვიცით, რა კითხვები ჰქონდა დასმული ექსპერტიზას. ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ დოკუმენტაცია პროკურატურიდან. პროკურატურამ დანიშნა ეს ექსპერტიზები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დაზიანებებზეც იყო დანიშნული, ასევე, ცალკე. ვნახოთ, რა იქნება მისი პასუხი…
– თქვენ პაპიძე პირველ შემთხვევაშიც მოინახულეთ, როცა მან პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. მეორე ვიზიტის დროს არ დაუსვით კითხვა, რატომ არ გითხრათ ფეხმძიმობის შესახებ პირველი შეხვედრის დროს?
– როდესაც მას პირველად შევხვდით, მან დაზიანებებთან დაკავშირებით დაგვიდასტურა ინფორმაცია. რაც პროცესზე გააჟღერა, იგივე თქვა ჩვენთანაც, რომ ის სცემეს პოლიციის დაწესებულებაში. ჩვენ მაშინვე ამოვიღეთ სამედიცინო დოკუმენტები და მაშინვე ვთქვით მედიასთან, რომ დოკუმენტებშიც იყო ასახული მის სხეულზე დაზიანებები. რაც შეეხება ფეხმძიმობის ფაქტს, სამწუხაროდ, იგივეს გეტყვით – მისი თანხმობა არ გვქონდა არც მაშინ და არც ახლა გვაქვს, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს…
– თუ პირველ შემთხვევაშიც არ მოგცათ თანხმობა საუბარზე, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მაშინაც გქონდათ თქვენ ეს ინფორმაცია?
– ჩვენ ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით გვაქვს ყველა ეტაპზე. ეს ინფორმაცია არის დადასტურებული, მაგრამ არ გვაქვს თანხმობა მისგან, რომ ამ ფაქტებზე საჯაროდ ვისაუბროთ…
– გამოდის, რომ ბატონი უჩა არ ყოფილა საქმის კურსში… თუ არასწორ ინფორმაციას აწვდის ჟურნალისტს, როცა აცხადებს, რომ „პაპიძეს მსგავსი რამ არ უხსენებია. ამბობდა, რომ მწამებლების ამოცნობა შეუძლია. სხვა დეტალები ჩვენც ტელეეთერით შევიტყვეთ…“
– არა მგონია, ეთქვა, რომ ბრალდებულს არაფერი უთქვამს ამის შესახებ. ჩვენ პირველი შეხვედრის შემდეგაც მივეცით ინტერვიუ და მაშინვე ვამბობდით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებზე, გარდა დაზიანებებისა, მისგან თანხმობა არ გვქონია, რომ გვესაუბრა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს…
– ბატონი უჩა აცხადებს, რომ მაგდა პაპიძეს არც ბოთლთან დაკავშირებულ ეპიზოდზე უთქვამს რამე სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის…
– არა… არ უთქვამს, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ… ის რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში წაყვანილი, მაგრამ დეტალებზე საუბრის შესახებ თანხმობას არ გვაძლევს.
ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველი ამ ინტერვიუდან ისედაც გააკეთებს საკუთარ დასკვნებს. დაემთხვევა თუ არა ის ექსპერტიზის დასკვნებს, რომელსაც სახალხო დამცველი ასე ელოდება, მომავალი გვიჩვენებს.