ქართველი მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა

  22:12:18     14-02-2016

ქართველი მწერალი და მთარგმნელი ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბაჩანა ბრეგვაძეს  გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მის მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა დაბეჭდილი აქვს 70-მდე ნაშრომი: პლატონის, დანტეს, არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰერაკლიტე ეფესელის, მარკუს ტულიუს ციცერონის, ჯეიმზ დარმსტეტერის, ანატოლ ფრანსის, ლაროშფუკოს, ლუიჯი პირანდელოს, მიშელ მონტენის, ანრი ბერგსონის, ნიკოლოზ ლოსკის, ლაბრიუიერის, ალბერტ შტეკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, სვამი ვივეკანანდას, მორის რეინალის, შარლ დილის, ნიკოლოზ ბერდიაევის, ემილ ჟებარის, პიერ ტეიარ დე შარდენის, ვერნერ ჰაიზენბერგის თხზულებათა თარგმანები, იტალიური და ესპანური ზღაპრების თარგმანები, წერილები, ესსეები, ლიტერატურის და ესთეტიკის საკითხებზე.

დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 წ. და 2005 წ. ) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.

ბაჩანა ბრეგვაძე  საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი 1936 წლის 11 თებერვალს, ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაიბადა.