ორმაგის შემდეგ, სამმაგი მკვლელობა
17:33:19     12-02-2016
გორის ცენტრში მომხდარი ორმაგი მკვლელობის შემდეგ, როდესაც ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი და მისი თანმხლები პირი მოკლა, ცნობილი ხდება სამმაგი მკვლელობის შესახებ.
საქართველო, სადაც „კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“, როგორც ჩანს, მასობრივმა მკვლელობებმა მოიცვა.
„შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დავით ბ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ მოკლულებს, ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
მათ, პროტესტის მიზნით, პოლიციის შენობის წინ აქციაც გამართეს და სამართალდამცველებისგან გაუჩინარებული პირების თაობაზე ინფორმაციის მოძიებას ითხოვდნენ.
რატომღაც ისე მოხდა რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ადამიანების ცხედრებს, პოლიციამ მხოლოდ საპროტესტო აქციის შემდეგ მიაგნო.