კახეთში 17 წლის ბიჭი საკუთარი დის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

  17:10:21     08-02-2016

კახეთში 17 წლის ბიჭს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანს ბრალი საკუთარი დის გაუპატიურებაში ედება. "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ინფორმაციას ავრცელებს, რომ გოგონა, რომელიც 15 წლის არის, 8 თვის ორსულია. სოციალური მომსახურების სააგენტომ, გოგონა უსაფრთხოების მიზნით სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" განუცხადა, გოგონასთან დაკავშირებით სააგენტოს პოლიციამ მიმართა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 111 - 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახურ დანაშაულს, გაუპატიურებას არაერთგზის.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ პროკურატურასა და სასამართლოში, თუმცა ინფორმაციას ადასტურებენ.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონამ სწავლა მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ შეწყვიტა, ბიჭი კი მე-11 კლასის მოსწავლეა. მისივე თქმით, ბიჭი გაკვეთილებს ჩვეულებრივ ესწრებოდა და მისთვის უცნაური არავის არაფერი შეუმჩნევია. დამატებით დეტალებზე დირექტორი არ საუბრობს.