თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამებში მონაწილეობს

  14:17:53     27-01-2016

ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ფილმების წარმატება გრძელდება.  თორნიკე ბზიავას "მექელეხე" საფრანგეთში  კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში  მონაწილეობს. ხოლო,  დათა ფირცხალავას სადებიუტო ნამუშევარს "მამა" მაყურებელი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამაში იხილავს.  დათა ფირცხალავას ფილმი  Premiers Plans Film Festival-ზეც წარსდგება. იგი კინოფესტივალის ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობს.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საფრანგეთში  კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში  მონაწილეობის მისაღებად კიდევ ერთი ქართული ფილმი გიორგი თოდრიას "დაკარგული სოფელი" მიემგზავრება.

"მექელეხე"  ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც "ქელეხების" შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს. ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს. თორნიკე ბზიავას ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო "პრომეთე" გადასცეს.

დავით ფირცხალავას ფილმი „მამა“ კი  ოჯახური დრამაა, რომელიც ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. მრავალწლიანი განშორების შემდეგ ძმები  ნიკა და ლადო მამას ხვდებიან. ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც დათა ფირცხალავა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, „მამა“ წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

რაც შეეხება, ფილმს "დაკარგული სოფელი", ის მიტოვებულ სოფელში შუა ხნის ცოლ-ქმრის ყოფაზე მოგვითხრობს. ერთ დღესაც დაცარიელებულ სახლებში შუქი ჩნდება, რაც მათ ცხოვრებას ცვლის. ფილმმა უკვე მოასწრო მთავარი პრიზების მოპოვება ესპანეთის და ათენის კინოფესტივალებზე.

კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება. რაც შეეხება როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს, ის 1972 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება.  Premiers Plans Film Festival 1989 წლიდან საფრანგეთის ქალაქ ანჟეში (Angers) ტარდება და იგი წლების მანძილზე ევროპელი კინემატოგრაფისტების შეხვედრის ადგილია.

თიბისი ბანკმა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებაზე დამატებით 100 000 ლარით დააფინანსა, რამაც გაზარდა კინოწარმოების ფონდი და შესაძლებელი გახდა დაგეგმილზე მეტი ფილმის დაფინანსება. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც, ქვეყანაში კინემატოგრაფის განვითარების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი.