ასე ცდილობენ კალაძე და ყოფილი პატიმარი კალანდაძე გაზპრომის „გაპრავებას“

  10:47:39     20-01-2016

ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე აცხადებს რომ გაზპრომი საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. სწორედ ასე სცადა მან იმ მოლაპარაკებების „გაპრავება“, რომელმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყანა კრემლზე დამოკიდებული გახადოს.

კალაძის მსგავსად, გაზპრომთან მოლაპარაკებების „გაპრავებას“ ცდილობს შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კალანდაძეც, რომელიც თავის დროზე, თანამდებობრივი დანაშაულისათვის დაპატიმრებული იყო.

დღეს, კალანდაძე ივანიშვილის 20/30-ის ექსპერტია და საეჭვოდ უჭერს მხარს პუტინის მთავარი იარაღის - გაზპრომის საქართველოში შემოსვლის იდეას.

"ვინც ივანიშვილისგან იღებს ფულს, ინფორმაციას მხოლოდ ის იღებს?" - ასეთი კითხვით მიმართა „ტაბულას“ დირექტორმა და ტელე-წამყვანმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ, გადაცემა „არჩევანში“ შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკს, ლევან კალანდაძეს, რომელიც თავის განცხადებებში პრორუსული პოლიტიკის ლობირებას არ ერიდებოდა.

„არჩევანში“ გუშინ ცხარე დებატები შედგა გაზპრომის თემაზე. ექსპერტი რომან გოცირიძე, რომელიც ივანიშვილის ფინანსებზე მიბმული კალანდაძისგან განსხვავებით, ფაქტებითა და არგუმენტებით საუბრობდა, აცხადებს რომ ის, რაც დღეს ენერგეტიკაში ხდება, არის საქართველოს ხელისუფლების ენერგოპოლიტიკის კრახი.

გუშინვე ცნობილი გახდა რომ გაზპრომთან მოლაპარაკების მორიგი ეტაპი დღეს ვენაში გაიმართება. ამის შეახებ ღია ეთერში ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრას თავადაც დაესწრება, ხოლო მოლაპარაკების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ რომ გაზპრომის აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აჯერბაიჯანული სოკარის იაფი გაზის გაზპრომის ძვირი და არასტაბილური აირით ჩანაცვლება დაიწყო.

თავდაპირველად, ხელისუფლება პუტინის გაზპრომთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, ინფორმაციამ გაჟონა და კალაძემ და მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილმა ე.წ. ექსპერტებმა, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებაც დაიწყეს - ხან დივერსიფიკაციის აუცილებლობას დაუკავშირეს გაზპრომთან მოლაპარაკებები და ხანაც - გაზის გაზრდილ მოთხოვნილებებს, რომლის დაკმაყოფილების მზადყოფნა საჯაროდ გამოთქვა სოკარ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.