ბოლო 20 დღეში - 5 მკვლელობა და 5 ყაჩაღობა

  10:32:58     20-01-2016

მიმდინარე წელი კრიმინალური მდგომარეობის მხრივ არცთუ სახარბიელოდ დაიწყო საქართველოში. სულ 20 დღე გავიდა 2016 წლის დადგომის შემდეგ და კრიმინალური ქრონიკა უკვე საკმაოდ ვრცლად გამოიყურება. მივყვეთ კონკრეტული ფაქტების აღწერას:

2 იანვარს ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური „გალფი" დააყაჩაღეს. მეორე დღესვე იმავე ქალაქში გაზგასამართ სადგურ "პრომეთეს" დაყაჩაღება მოხდა. 

4 იანვარს ყაზბეგის გამზირზე დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის მოდების სახლის ქურდობა უკვე მეორედ, წინა ქურდობიდან დროის მცირე ინტერვალით მოხდა. 

გახშირდა საგზაო შემთხვევები: 5 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩუმლაყში, გარდაიცვალა მამაკაცი. იმავე დღეს ერთი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისშიც. 6 იანვარს სოფელ ნორიოსთან ავარიაში 6 ადამიანი დაიღუპა. 12 იანვარს ავარიის შედეგად თბილისში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. 14 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი სოფელ ვარციხეში გარდაიცვალა. 

მძიმე დანაშაულები მოხდა 7 იანვრიდან. შობის დღეს ავტომანქანა დაცხრილეს თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე. 8 იანვარს მკვლელობის მცდელობა დაფიქსირდა თბილისში. ხოლი 13 იანვარს აბაშიძის 39-თან მამაკაცი დაჭრეს იარაღით. 

შემდეგ კი დანაშაულის ქრონიკა ასეთია:  13 იანვარს დედოფლისწყაროში ქალბატონი დააყაჩაღეს და მოკლეს, 13 იანვარს მოხდა პროკურორის გატაცება და მკვლელობა თბილისში, 14 იანვარს - ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის ქურდობა მოხდა ლანჩხუთში. იმავე დღეს - საშაურმეს დაყაჩაღება თბილისში, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა ახმეტაში. 15 იანვარს პროკურორის მკვლელობის მცდელობა ფოთში.

15 იანვარს 29 წლის მამაკაცი მოკლედ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე. იმავე დღეს ა/მანქანა „ლენდკრუიზერი“ დაწვეს თბილისში ჯანაშიას ქუჩაზე. 18 იანვარს დააყაჩაღეს „აჭარა ბეთი“ ფოთში.