მთავარი პროკურატურა კუჭავას საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე თანახმაა

  16:52:28     19-01-2016

მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა თანახმაა ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ოფიციალურად ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილის ჩართვა საქმეში გარდაცვლილის ოჯახმა მოითხოვა.

პროკურატურის განცხადებით ეს საშუალებას მისცემს კუჭავას ოჯახს " გამოძიების დასრულებამდე, უშუალოდ გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დარწმუნდნენ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში".

პროკურატურა ასევე აპირებს აქტიურ თანამშრომლობას კუჭავას ადვოკატთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახთან. სწორედ ქირიას მკვლელობაში ედება ბრალი გარდაცვლილ კუჭავას.