"თვითმკვლელობა - არა, ეს განზრახ მკვლელობაა" - რას აცხადებს ბიძინა კუჭავას ადვოკატი?

  15:38:22     19-01-2016

"თვითმკვლელობა - არა, ეს განზრახ მკვლელობაა," - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებებს ბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე.

"გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ეს არის განზრახ მკვლელობა. მაია ნიკოლეიშვილმა უკვე დაათვალიერა ცხედარი. მეუღლე ამბობს, რომ ნახევარი საათით ადრე 16 იანვარს ბიძინა კუჭავას დაურეკეს და ის სახლიდან შარვალ-კოსტუმით გავიდა. მოჭერილი ფეხსაცმელი ეცვა და თუ ფეხზე დაზიანება ჰქონდა ის ასეთი ტიპის ფეხსაცმელს ვერ ჩაიცვამდა,"- აცხადებს კუჭავების ადვოკატი.

განცხადება იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ მოკლული სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა დამნაშავე, თალაკვაძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"მკვლელი დადგენილია. არსებობს გამოძიების მიერ მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები და იდენტიფიცირებული, რაც ადასტურებს, რომ სწორედ ბიძინა კუჭავამ მოკლა პროკურორი ვახტანგ ქირია, მაღალი ალბათობით, მკვლელმა ბიძინა კუჭავამ ძველით ახალი წლის ხმაურს დაამთხვია მისი მკვლელობა," - განმარტა თალაკვაძემ.

ბიძინა კუჭავას ცხედარი დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე დაათვალიერა. ოჯახმა მაია ნიკოლეიშვილის ჩართვა საქმეში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა.

კუჭავას ახლობლები არც გამოძიების მიერ დასახელებულ თვითმკვლელობის ვერსიას იზიარებენ და არც კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ფაქტს ეთანხმებიან, რადგან მათი განცხადებით ორივე გარდაცვლილს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

გამოძიებასთან კითხვები აქვთ ზუგდიდშიც, სადაც ვახტანგ ქირიას ცხედარი გადაასვენეს.

სკანდალურ მკვლელობაში ბიძინა კუჭავას გამოჩენა ქირიას ოჯახისთვის მოულოდნელობაა, თუმცა ისინი სამართალდამცველებისგან დანაშაულის მოტივის დადგენას ელოდებიან.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პროკურორის მკვლელობა კუჭავას მიერ ნაქირავებ ბინაში მოხდა, მოგვიანებით კი, სამართალდამცველების ინფორმაციით მან თავი საკუთარ ავტომანქანაში მოიკლა.