პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ბიძინა კუჭავას და ოთხი წელია უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული

  00:59:11     18-01-2016

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას სახელს შესაძლოა სხვა მკვლელობებიც დაუკავშირდეს. როგორც უკვე ცნობილია, შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში კუჭავა მთავარ ბრალდებულად ოფიციალურად დაასახელა. კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბიძინა კუჭავას შესახებ სკანდალურ ინფორმაციებს ავრცელებს.

"პოსტსკრიპტუმის" ცნობით, კუჭავას სახელი უშიშროების ოფიცრის ვახტანგ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

კუჭავას გვარი ნინუების საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ ახსენა. მაშინ ცნობილი იყო, რომ ნინუები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემთხვევის ადგილზე კი სადაც ანაბეჭდები შეიძლებოდა ყოფილიყო წიწაკა იყო დაყრილი, რათა კრიმინალისტებს ვერც ანაბეჭდები აეღოთ და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს სუნის აღება არ შეძლებოდათ. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმრის ცხედრები მაშინაც ნაქირავებ ბინაში იპოვეს.

კუჭავას სახელს უკავშირდება მისი დის გაუჩინარების საქმეც. "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის და უკვე 4 წელია არავის უნახავს. ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც კუჭავას და ცხოვრობდა ამბობენ, რომ სახლი ბიძინა კუჭავამ გაყიდა თანხა აიღო ხოლო ახალ მეპატრონეს საბუთები არ გადაუფორმა.

მეზობლებმა არ იციან, სად შეიძლება წასულიყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილები და მეუღლე დარჩა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ კითხვების დასმის შემდეგ კუჭავამ შეუთვალა, რომ ეს მათი საქმე არ იყო. მეზობლები ამბობენ, რომ ბიძინა კუჭავას დას ქვეყანა არ დაუტოვებია.