ნადირობა პროკურორებზე და უკან, სისხლიან 90-იანებში
13:50:21     17-01-2016
შემზარავი მკვლელობა თბილისში. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, ვახტანგ ქირია მოკლული იპოვეს.
ეს არის პროკურორის მეორე მკვლელობა სისხლიანი 90-იანების შემდეგ. პირველად, პროკურატურის მაღალჩინოსანი 1993 წლის 10 მარტს მოკლეს, როცა კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ, სიცოცხლეს გამოასალმეს თბილისის პროკურორი, მიხეილ ქურდაძე.
რაც შეეხება ვახტანგ ქირიას, მას პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა. ოჯახის წევრთა განცხადებით, ის სახლიდან (ზუგდიდი) 13 იანვარს გაიყვანეს. მოგვიანებით კი, მისი მობილური ტელეფონი რუსთავში ნახეს, ხოლო გუშინ, ქირიას გვამი თბილისში - ქავთარაძის ქუჩაზე, ვაჟა ფშაველას კვარტლის 24-ე კორპუსის ერთერთ ბინაში აღმოაჩინეს.
კრიმინალები სამართალდამცველების წინააღმდეგ
ქირიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, კრიმინალურ საქართველოში ბათუმის პროკურორს მანქანა დაუწვეს. რამდენიმე დღის წინ კი, ფოთის პროკურორის მანქანა დაცხრილეს. მეტიც: თელავში ორი პოლიციელი პოლიციის ეზოში მოკლეს.
ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, სამართალდამცველთა მიმართ გამოცხადებული ნადირობა შემაშფოთებელი იქნებოდა. თუმცა, ქართული ოცნების ნდობადაკარგული პირები ისევ ბრიყვულად ამტკიცებენ რომ “კრიმინოგენური მდგომარეობა არ გაუარესებულა”.
ქირიას მკვლელობის ვერსიები
ერთი ვერსიით, პროკურორ ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა იუსტიციის სახლთან თავი მოიკლა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სავარაუდო მკვლელი ქირიას ნათესავია (საქართველოს ხმის დამფუძნებელი, ბიძინა კუჭავა) და ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, მის მიერ იყო დაქირავებული.
თუმცა, გაჩნდა მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ვახტანგ ქირიას მკვლელობა შეკვეთილი იყო და მის საპროკურორო საქმიანობას უკავშირდებოდა. ხოლო ქირიას ნათესავის, ბიძინა კუჭავას მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას ვერ აბათილებს.
ცხადია, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ იქ, სადაც პოლიციელებს საჯაროდ ხოცავენ და პროკურორების ქონებას ანადგურებენ, გამორიცხული არაფერია.