პოლიცია 21 წლის გოგა კვარაცხელიას მკვლელობაში ეჭვმიტანილებს არ აკავებს?

  13:00:44     15-01-2016

2015 წლის 25 დეკემბერს, ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი ახალგაზრდა ბიჭის სასტიკი მკვლელობა ჯერ კიდევ გაუხსნელია. მიუხედავად იმისა რომ პოლიციას საკმარისი ცნობები აქვს, გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. პროკურატურაში, ამ თემით დაინტერესებულ პირებს არაფრისმთქმელი ფრაზით იცილებენ: „მიმდინარეობს გამოძიება“.

გოგა კვარაცხელია საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, სავარაუდოდ, ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს. სასიკვდილოდ გამეტებული ახალგაზრდა, მიღებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა. ის მხოლოდ 21 წლის იყო...

მოკლულის ახლობლების ვარაუდით, გამოძიება სპეციალურად ჭიანურდება და პოლიცია ეჭვმიტანილის დასაკავებლად არაფერს აკეთებს, რადგან „დამნაშავეს მთავრობის ერთერთი წევრი მფარველობს“.

გარდაცვლილის მეზობელი კი, მედიას გოგა კვარაცხელიას მკვლელობის საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს და ამბობს რომ „თუ პოლიცია საქმის გაყალბებას გააგრძელებს“, შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ზომებსაც კი მიმართონ.

„მკვლელის ვინაობა ცნობილია. პოლიციამ იცის ვინ მოკლა გოგა. ძალიან კარგი ბიჭი, რომელიც კარგ ოჯახში იზრდებოდა.  ასევე იციან მკვლელობის თანამონაწილეთა გვარებიც. თუმცა, რატომღაც საქმე წინ არ მიდის.

შესაძლოა ვიღაცას სურს რომ დამნაშავე არ დაისაჯოს“, - ვარაუდობს მოკლულის ახლობელი.

ჩვენ, ინფორმაციის დაზუსტებიუს მიზნით, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, თეა თოდუას დავუკავშირდით.

presa.ge: 25 დეკემბერს ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თუ არის ვინმე დაკავებული?

თეა თოდუა: ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებული ჯერ არავინაა.

საინტერესოა, რატომ ვერ ან არ ხსნის პოლიცია-პროკურატურა თბილისის ცენტრალურ უბანში მომხდარ სასტიკ მკვლელობას?

21 წლის ახალგაზრდა ბიჭის ოჯახი და საზოგადოება სამართალდამცველებისაგან ადეკვატურ რეაგირებას - მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ელოდება, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ...